ბიზნესომბუდსმენის განცხადებით, StopCoV ფონდის ანარიშზე, დაახლოებით, 5 მლნ ლარია შეგროვებული. მისი თქმით, ამ თანხის ხარვჯისას პრიორიტეტი იქნება სოციალურად ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა, "თუ და როცა ამის საჭიროება დადგება".

"ფონდში ჩარიცხული თითოეული თეთრი და ლარი დაიხარჯება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. როგორც ჩარიცხვა, ისე ამ თანხების ხარჯვა იქნება სრულად გამჭვირვალე და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, საჯარო ინფორმაციის სახით, მიიღოს ინფორმაცია, თუ რა მიზანს და საჭიროებას მოხმარდა ფონდში აკუმულირებული თანხა", — აღნიშნა ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა.

StopCov ფონდი მთავრობის ინიციატივით შეიქმნა მას შემდეგ, რაც კერძო სექტორმა და მოქალაქეებმა კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარების სურვილი გამოთქვეს. საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, ყველა ინიციატივა ერთ პლატფორმაზე გაერთიანდება და ეს გაამარტივებს კომუნიკაციას.

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობა და საკარანტინო რეჟიმი

საქართველოში კორონავირუსი დღეს კიდევ 1 პირს დაუდგინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა. Stopcov.ge-ს მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.

კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მარნეულში ინფიცირებულ პირს, ათეულობით ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. ჩაიკეტა ორივე რაიონის შესასვლელი, რომელსაც სამხედროები და შსს-ს თანამშრომლები აკონტროლებენ. ასევე, გაიშალა საველე ჰოსპიტლები.

ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, მარნეულსა და ბოლნისში დაიწყოს ტესტირების სპეციალური პროგრამა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სწრაფი ტესტები ქვეყანაში ხვალიდან შემოვა.

გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქალაქთაშორისო გადაადგილება აიკრძალა ყველა სახის ტრანსპორტით, გარდა პირადი ავტომობილებისა. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით კი შეზღუდვები დაწესდა ტაქსებზე. კერძოდ, მხოლოდ 2 მგზავრის გადაყვანა შეიძლება უკანა სავარძლებზე და ფანჯრები უნდა იყოს ღია.

დღეს, 23 მარტს ცნობილი გახდა, რომ მთავრობის განკარგულებით, საქართველოს ავიახაზები 2 კვირის განმავლობაში მსოფლიოს 6 ქალაქიდან ჩამოიყვანს მგზავრებს. მთავრობის მოთხოვნით, ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს €199-ს.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდეც, მთავრობას კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული ჰქონდა არაერთი შეზღუდვა. კერძოდ:

გარდა ამისა, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორს მიცემული აქვს რეკომენდაცია დისტანციურ მუშაობაზე. 70 წელზე ზევით მოხუცებს კი თვითიზოლაცია ურჩიეს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: