ახალი კორონავირუსი, რომელმაც გავრცელება ჩინეთიდან დაიწყო, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ 2020 წლის 11 მარტს პანდემიად გამოცხადდა. 25 მარტის მონაცემებით, მსოფლიოს გარშემო COVID-19-ით 412 500 ადამიანი ინფიცირდა, ხოლო 18,482 გარდაიცვალა.

სამხრეთ კორეაში ვირუსი პირველად 2020 წლის 20 იანვარს დაფიქსირდა, დღევანდელი მონაცემებით კი ქვეყანაში 9 137 შემთხვევაა აღწერილი, დაღუპულთა რაოდენობა კი 126-ს შეადგენს.

მთელ მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა იტალიაში, სადაც დაღუპულთა რაოდენობა ყველაზე მაღალია. სიტუაციის გამოსასწორებლად და ვირუსის შესაჩერებლად სახელმწიფოებმა სხვადასხვა ხერხს მიმართეს — აკრძალეს ქვეყნებს შორის მიმოსვლა, ჩაკეტეს ქალაქები და დახურეს დაწესებულებები.

ზოგიერთ ქვეყანაში კი ბევრად მკაცრი ზომებიც მიიღეს, მაგალითად, ჩინეთში რამდენიმე ქალაქი სრულიად იყო ჩაკეტილი, მოსახლეობას სპეციალური საშვების გარეშე გარეთ გასვლა ეკრძალებოდათ, ასევე აკრძალული იყო ყველანაირი ტიპის გადაადგილების საშუალება და არ ფუნქციონირებდა გზები.

აღნიშნული სიტუაციის ფონზე სამხრეთ კორეამ გვიჩვენა, რომ სიტუაციის კონტროლი და ვირუსის გავრცელების შეჩერება სხვა გზებით, ბევრად ეფექტურადაა შესაძლებელი.

სწრაფი რეაქცია

ფოტო: Yonhap/EPA

სამხრეთ კორეამ აქტიური მოქმედება ქვეყანაში ინფიცირების პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე დაიწყო (აღსანიშნავია, რომ აშშ-სა და სამხრეთ კორეაში ინფიცირების პირველი შემთხვევა ერთსა და იმავე დღეს დაფიქსირდა).

ვირუსის იაპონიასა და ტაილანდში გავრცელების შემდეგ, სამხრეთ კორეის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა 16 იანვარს ბოლო ორი კვირის განმავლობაში უხანიდან დაბრუნებული 3 000-მდე ადამიანის შემოწმება დაიწყეს. პირველ შემთხვევიდან ერთ კვირაში სახელმწიფომ სამედიცონო კომპანიებთან შეხვედრა დანიშნა, სადაც მათ კორონავირუსის ტესტების მასობრივი წარმოება მოსთხოვა.

ამჟამად ქვეყანა დღეში 100 000 ტესტს ამზადებს.

პირველი შემთხვევის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში ახალი პაციენტების რიცხვი ყოველდღიურად ოთხს არ სცდებოდა, 12-დან 15 თებერვლამდე კი ახალი შემთხვევა საერთოდ არ დაფიქსირებულა. 16 თებერვლისთვის ინფიცირებულთა რიცხვი სულ რაღაც 30-ს შეადგენდა.

შემთხვევების ზრდა 19 თებერვალს დაიწყო, როდესაც კორონავირუსის კიდევ 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 14 კი ქალაქ დაეგუში არსებულ ადგილობრივ ქრისტიანული მიმდინარეობის ჯგუფს უკავშირდებოდა. ქვეყნის 31-ე პაციენტი, რომელსაც "სუპერ-გამავრცელებელს" უწოდებენ, აღნიშნული რელიგური ჯგუფის წევრი იყო და მას რიტუალების ფარგლებში 1 000-ზე მეტ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

20 თებერვალს სამხრეთ კორეაში 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მას შემდეგ კი ინფცირებულთა რაოდენობა ყოველ დღე მნიშვნელოვნად იზრდებოდა. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ იყო რელიგიურ ჯგუფში პირველი ინფიცირებული, თუმცა მათი წყალობით ვირუსი ქვეყნის მასშტაბით საკმაოდ სწრაფად გავრცელდა.

მასობრივი ტესტირება

ფოტო: kyung-hoon

აღნიშნული აფეთქების შემდეგ ქვეყანამ ვირუსთან ბრძოლა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყო. ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს მოსახლეობის ტესტირება წარმოადგენდა. საერთო ჯამში, სამხრეთ კორეამ მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტი ადამიანის ტესტირება მოახერხა, რამაც ექიმებს ინფიცირებულების სწრაფად გამოვლენისა და მათი იზოლირების შესაძლებლობა მისცა.

ტესტირებების ეფექტურად ჩატარებისთვის ქვეყნის მასშტაბით 118 ლაბორატორია და 633 შესამოწმებელი დაწესებულება გაიხსნა, ასევე შესაძლებელი გახდა ტესტირების მანქანიდან გადმოუსვლელად, drive-through კლინიკებში გავლაც. აფეთქებიდან ორ კვირაში ქვეყანაში 120 000 ადამიანის ტესტირება მოხერხდა.

მეორე მნიშვნელოვან ნაბიჯს მკაცრი კარანტინი წარმოადგენდა. დეიგოში ჰოსპიტალების გადავსებამ სიკვდილიანობის მაღალი შედეგი გამოიწვია, რადგან ექიმები უამრავი პაციენტის ერთდროულად და ხარისხიანად მკურნალობას ვერ ასწრებდნენ.

პაციენტებს, რომლებსაც ვირუსი არ გამწვავებიათ, სახლში დარჩენას ურჩევდნენ.

გადავსებული ჰოსპიტალების განსატვირთად სხვადასხვა დაწესებულება ინფიცირებულების მისაღებად აღჭურვეს. ამ პროცესში მონაწილეობა სასტუმროებმა და საერთო საცხოვრებლებმაც მიიღეს, ისინი კარანტინის ზონებად გადაკეთდა და პაციენტები, რომლებსაც ვირუსი მსუბუქ ფორმებში აღენიშნებოდათ, სწორედ მსგავს სასტუმროებში განთავსდნენ.

ტექნოლოგიების როლი

ფოტო: Getty Images

სამხრეთ კორეამ ვირუსთან ბრძოლა ინოვაციური გზებითაც დაიწყო. ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ინფიცირებული ადამიანების გადაადგილების კონტროლი დაიწყეს, ამისთვის მათ ქალაქებში არსებული კამერები, საკრედიტო ბარათების ისტორიები და მობილური ტელეფონებისაგან და მანქანებისგან მოპოვებული GPS მონაცემები გამოიყენეს.

გამოყენებული მონაცემები საჯარო იყო — ნებისმიერ მოქალაქეს, აპლიკაციების მეშვეობით იმ ადგილებისგან თავის არიდება შეეძლო, სადაც ინფიცირებული ადამიანი იმყოფებოდა. მონაცემები იმდენად ზუსტი იყო, რომ შეგეძლო გაგეგო თუ რომელი ავტობუსი გამოიყენეს მათ, როდის და რომელ საათზე დაიწყეს და დაამთავრეს მგზავრობა, ატარებდნენ თუ არა ნიღბებს და ისიც კი თუ რომელი სკამი ეკავათ კინოთეატრში სტუმრობისას.

აპლიკაციები იმ ადამიანებისთვისაც შეიქმნა, რომლებიც სახლში, ვირუსის მსუბუქი ფორმებით თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი აპლიკაცია პაციენტებს გარკვეულ დონემდე თვითდიაგნოზის საშუალებას აძლევდა და მათ შესაბამის სპეციალისტებთან რჩევისათვის ინტერნეტით აკავშირებდა.

აპლიკაციები მხოლოდ ადგილობრივებისთვის არ გამოიყენებოდა. ნებისმიერ მაღალი რისკის ქვეყნიდან სამხრეთ კორეაში ჩასული მოგზაური ვალდებული იყო სპეციალური აპლიკაცია გადმოეწერა და საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 14 დღის განმავლობაში ყოველდღე განეცხადებინა.

სხვადასხვა დანიშნულების აპლიკაციასთან ერთად, სამხრეთ კორეის მოსახლეობა ინფორმირებული ტექსტური შეტყობინებების მეშვეობითაც რჩებოდა — ახლომდებარე უბნებში ახალი შემთხვევების შესახებ ინფორმაციას ისინი მუდმივად იღებდნენ.

ზემოაღნიშნული drive-through კლინების მეშვეობით კი ტესტირების სწრაფი და უსაფრთხო ჩატარება ხდებოდა. ამ დროს სპეციალური დამცავი ტანსაცმლით აღჭურვილი სამედიცინო წარმომადგენლები ნიმუშებს ავტომობილებში მყოფი ადამიანებისგან იღებდნენ. პროცესი სულ რაღაც 15 წუთი გრძელდებოდა.

მსგავსი ტესტირების დროს სამედიცინო წარმომადგენლების ხალხთან კონტაქტი მაქსიმალურად შემცირებულია, რადგან ნიმუშებისთვის მანქანიდან გადმოსვლა საჭირო არ არის — ისინი ღია ფანჯრიდან გროვდება.

ტესტირების კიდევ ერთ ინოვაციურ მეთოდს "ტელეფონის ჯიხურები" წარმოადგენს. ჯუხურები სეულის ჰოსპიტალის შენობასთან განთავსდა, სადაც მსურველებს კორონავირუსზე შემოწმება შეეძლოთ. მინით გაყოფილ ჯიხურში შესვლა მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო, სადაც ის ტელეფონის ყურმილის მეშვეობით მინის მეორე მხარეს მყოფ სამედიცინო წარმომადგენელს ესაუბრებოდა. აღნიშნული კონსულტაციის შემდეგ, მინაში ჩამონტაჟებული რეზინის ხელთათმანებით ექიმი პაციენტს ნიმუშებს უღებდა.

ნიმუშების აღების შემდეგ ჯიხურს დეზინფექცია უტარდება და ის ახალი პაციენტისთვის მზადდება. ჰოსპიტალის განცხადებით, ამ გზით, სტანდარტული მეთოდისგან განსხვავებით ისინი დღეში ათჯერ მეტი პაციენტის შემოწმებას ახერხებდნენ. მსგავსი ჯიხურები ნელ-ნელა აეროპორტებსაც ემატება, რათა ქვეყანაში შემომსვლელების ტესტირება სწრაფად მოხერხდეს.

სოციალური დისტანცია

ფოტო: Woohae Cho

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც პანდემიების დროს თავს იჩენს სამედიცინო წარმომადგენლების არასაკმარისი რაოდენობაა. ისინი ყველას კონტროლს ვერ შეძლებდნენ, საჭირო იყო მოსახლეობის სრული ინფორმირება და მათთვის დახმარების თხოვნა — სატელევიზიო გადაცემებსა თუ მეტროს სადგურებში მოწოდება ნიღბების ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის შესახებ მუდმივად ისმოდა.

სოციალური დისტანცია კი მსგავსი ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანი ფაქტორია. სხვადასხვა ტექნოლოგიური კომპანია მოსახლეობას დისტანციის დაცვაში მნიშვნელოვნად ეხმარებოდა.

Microsoft-ის, Google-ისა და სხვა ცნობილი კომპანიების მსგავსად თვითიზოლაციის დროს დახმარება ადგილობრივმა სტარტაპებმაც დაიწყეს. კომპანია Rsupport-მა ხალხს საქმიანი შეხვედრების დისტანციურად ჩასატარებლად RemoteMeeting პლატფორმა სამი თვის განმავლობაში სრულიად უფასოდ შესთავაზა. სტარტაპმა Classum-მა კი სკოლებისთვისა და უნივერსიტეტებისთვის დისტანციური სწავლების გამარტივება გადაწყვიტა. Rsupport-ის მსგავსად სხვადასხვა სტარტაპმა მოსახლეობას რამდენიმეთვიანი უფასო სერვისები შესთავაზა, მაგალითად აპლიკაცია CatchIt English, რომელიც ინგლისური ენის შესწავლისთვისაა განკუთვნილი.

ინფიცირების ახალი შემთხვევები სამხრეთ კორეაში ჯერ კიდევ ფიქსირდება, თუმცა ჩამოთვლილი ღონისძიებების გატარების წყალობით მათი რიცხვი ყოველდღიურად იკლებს. პანდემიასთან საბრძოლველად ქვეყანას არ გადაუკეტავს საზღვრები, არ ჩაუკეტავს ქალაქები და არც ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერებია.

მსოფლიოში პანდემია ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მასთან გამკლავებას ქვეყნები სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ, სამხრეთ კორეის სახით კი კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი იკვეთება. თუმცა საბოლოო სურათის დანახვა და იმის სრულად შეფასება, თუ რომელი მიდგომა იყო ყველაზე ეფექტური, მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც კაცობრიობა პანდემიას საბოლოოდ დაამარცხებს და დედამიწა ჩვეულ დღის წესრიგს დაუბრუნდება.