Apple-მა გუშინ საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიმდინარე წელს App Store ოც ახალ ქვეყანაში ეშვება. App Store ეფლის ონლაინ მაღაზიაა, საიდანაც მომხმარებლებს iOS-ზე მომუშავე მოწყობილობებისთვის ფასიანი და უფასო აპლიკაციების შეძენა და გადმოწერა შეუძლიათ.

როგორც 9TO5Mac-მა აღმოაჩინა, განახლებულ დეველოპერულ ხელშეკრულებაში მოცემულ 20 ახალ ქვეყანას შორის საქართველოცაა:

  • ავღანეთი
  • გაბონი
  • კოტ-დ'ივუარი
  • საქართველო
  • მალდივის რესპუბლიკა
  • სერბეთი
  • ბოსნია და ჰერცეგოვინა
  • კამერუნი
  • ერაყი
  • კოსოვო
  • ლიბია
  • მონტენეგრო
  • მოროკო
  • მოზამბიკი
  • მიანმარი
  • ნაურუ
  • რუანდა
  • ტონგა
  • ზამბია
  • ვანუატუ

ქართული App Store-ის გაშვება ნიშნავს, რომ მასში შესვლისას ქართველი მომხმარებლები ქვეყანაზე მორგებულ კონტენტს ნახავენ — იქნება ეს მომხმარებლების მიერ ყველაზე ხშირად გადმოწერადი პოპულარული აპლიკაციების სიები თუ ეფლის მიერ შერჩეული კონტენტი.

ერთ-ერთ მთავარი სიახლე კი ისაა, რომ App Store-ში ქართული ბარათით სერვისებისა და აპლიკაციების შეძენა შესაძლებელი გახდება.

დღეს App Store-ში აპლიკაციების ან სერვისების შეძენა მომხმარებლებს "შემოვლითი გზებით" უწევთ. მაგალითად, სასაჩუქრე ბარათების (gift cards) შეძენით, რომლის შემდეგად ეფლის ანგარიშზე ონლაინ მაღაზიაში გამოსაყენებლად კონკრეტული ბალანსი გერიცხებათ. ქართული ბარათების მხარდაჭერა კი App Store-ს უფრო მარტივად გამოყენებადს გახდის.

ასევე, საქართველოში App Store-ის სრული ხელმისაწვდომობა და მომხმარებლებისგან გადახდების მიღების გამარტივება წამახალისებელი იქნება დეველოპერებისთვისაც, რომლებსაც დამატებითი მოტივაცია ექნებათ, შექმნან ქართული ბაზრისთვის განკუთვნილი კომერციული აპლიკაციები, სერვისები და თამაშები.

ეფლს ზუსტი თარიღი არ დაუკონკრეტებია, თუმცა ქვეყნები, სავარაუდოდ, მომდევნო თვიდან დაემატება. გუშინდელი განცხადების მთავარი მიზანი კი ახალი ბაზრის გახსნის შესახებ დეველოპერების ინფორმირება იყო.

კომპანიამ მათ მოუწოდა, რომ ახალ ქვეყნებზე "წვდომისთვის" მათივე ანგარიშის საკონტროლო პანელში მოცემულ განახლებულ დეველოპერულ ხელშეკრულებაზე დათანხმებაა საჭირო, რაც 10 აპრილამდე უნდა მოხდეს, რათა "მათი პროდუქტები ახალ ქვეყნებში App Store-ის თავდაპირველი გაშვებისას მზად იყოს."