ესპანელმა სამხედროებმა მოხუცთა თავშესაფრებში მიტოვებული მოხუცები აღმოაჩინეს, ზოგიერთი მათგანი საწოლში გარდაცვლილია. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია, მათ შორის BBC, FRANCE24 და ABC ესპანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის აღმოჩენის შემდეგ თავშესაფრები პერსონალმა თვითნებურად მიატოვა.

დასავლური მედიის ინფორმაციით, ესპანეთის პროკურატურამ საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო.

როგორც ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა განაცხადა, მთავრობა მკაცრი ზომების გატარებას აპირებს მოხუცებთან მოპყრობის კუთხით.

როგორც ცნობილია, მადრიდში მდებარე ყინულის მოედანს დროებით მორგად გამოიყენებენ, სადაც კორონავირუსისგან გარდაცვლილთა ცხედრებს დაასვენებენ მანამ, სანამ მათ დამკრძალავი ბიუროების წარმომადგენლები მიაკითხავენ.

ბოლო მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 35 136 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილთა რიცხვი კი 2 311-ია.