მცენარეების სამყარო ბევრს მოსაწყენი და ერთფეროვანი ეჩვენება, თუმცა ეს მოსაზრება სიმართლეს არ შეესაბამება. ხორცისმჭამელი მტაცებელი მცენარეები ამის ნათელი მაგალითია. როგორც წესი, მონადირე მცენარეებს ისეთ ადგილებში ვხვდებით, სადაც ნიადაგიდან თითქმის შეუძლებელია სასიცოცხლოდ საჭირო ნივთიერებების მიღება ზრდა-განვითარებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ერთ ადგილს არიან მიჯაჭვულები, მათ შესანიშნავად შეუძლიათ საკვების მიტყუება.

ხორცისმჭამელი მცენარეების 500-ზე მეტი სახეობა არსებობს და ისინი ნადავლის მახეში გაბმის მეთოდებით განსხვავდებიან. არსებობს მსხვერპლის დაჭერის რამდენიმე ძირითადი მექანიზმი.

მომაკვდინებელი ქვევრი

ფოტო: chaphot / Shutterstock

ამ სახეობის მცენარეებს აქვთ განსაკუთრებული, ჩაღრმავებული ფორმის ფოთლები, რომლებიც ქვევრს წააგავს. საკმარისია რომელიმე მწერი შემთხვევით ამ მომაკვდინებელ ღრმულში ჩავარდეს, რომ მცენარე მომენტალურად იწყებს მის მონელებას.

წებოვანი ცვარი

არსებობს ისეთი მტაცებელი მცენარეები, რომელთა ზედაპირი სქელი და ძალიან წებოვანი სითხითაა დაფარული. ასეთ ხაფანგში გაბმული მსხვერპლისთვის თავის დაღწევა თითქმის შეუძლებელია.

მოძრავი ფოთლები

ფოტო: Noppharat4569 / Shutterstock

ხორცისმჭამელ მცენარეთა სხვა სახეობებს თუ გაუნძრევლად უწევთ ლოდინი, არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც სასადილოდ დიდი დრო და მოთმინება არ ჭირდებათ. მათი ფოთლები ნებისმიერ დროს იშლება და იკეცება. ისინი გრძნობენ ვიბრაციას, რომელსაც მწერი გადაადგილებისას ქმნის და საჭირო მომენტში შეტევაზე გადადიან.

ეკლიანი ხაფანგი

ფოტო: chaphot / Shutterstock

კიდევ კარგი, რომ ეკლიანი ხაფანგის პატრონი მცენარეები მცირე ზომისანი არიან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ადამიანის სიცოცხლესაც კი შეუქმნიდნენ საფრთხეს. ამ მტაცებლის ფოთოლი ორ ნაწილად არის გაყოფილი, სითხე, რომელიც მასზეა მოთავსებული თავბრუდამხვევად მიმზიდველია ნებისმიერი მწერისათვის, თუმცა საკმარისია ფოთოლზე ზეწოლა შეიქმნას და ეკლიანი ხაფანგი მაშინვე იკეტება. მახეში გაბმულ მსხვერპლს კი გადარჩენის შანსი აღარ აქვს.