მართლმადიდებელ ეკლესიაში დადგენილი წესების გადახედვას არ აპირებენ. საგანგებოდ შეკრებილმა სინოდმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ განაცხადა, რომ საერთო კოვზით ზიარების წესი არ შეიცვლება. საქართველოში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან მეორე დღეს კი, ეკლესიებში წირვა მაინც ჩატარდა.

23 მარტიდან მოქმედება დაიწყო მთავრობის დადგენილებამ, რომლის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა იზღუდება, მათ შორის ისეთ ღონისძიებებზე, როგორიცაა ქელეხი, ქორწილი და ა.შ.

იმის გამო, რომ დადგენილებაში ჩამოთვლილ გამონაკლისებს შორის საპატრიარქო არ არის, ჩნდება კითხვა, რას იზამს სახელმწიფო, როცა ეკლესიებში მორიგ ჯერზე შეიკრიბებიან და რა ბერკეტები აქვს მთავრობას.

რა შეუძლია სახელმწიფოს

ფოტო: რადიო თავისუფლება

იურისტი გიორგი მშვენიერაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის დადგენილებაში რომელიმე რელიგიურ ორგანიზაციის გამონაკლისზე დათქმა არ არის, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ავტომატურად უფლებების შეზღუდვას არ იწვევს და არც რწმენის თავისუფლების შეზღუდვა შეუძლია.

მისივე განმარტებით, იმას, რომ სახელმწიფო რელიგიის საქმიანობაში ჩაერიოს, სხვა ტიპის პროცედურა სჭირდება. ასეთ მაგალითად კი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონს ასახელებს, რომელიც მთავრობას საშუალებას აძლევს, ეკლესიას ისეთი საქმიანობა შეუზღუდოს, რომლითაც ინფექციური დაავადების გავრცელებაა შესაძლებელი.

"ამ კანონის მიხედვით, ყველა ადამიანი, მათ შორის სასულიერო პირი, ვალდებულია, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომელიც შესაძლოა ავრცელებდეს ან გაავრცელოს ინფექციურ დაავადებას. ეს დებულება ცალსახაა და ამიტომ მოქმედებს და ვრცელდება ეკლესიაზეც. სახელმწიფომ ეკლესიას ამ ნორმის საფუძველზე უნდა მოსთხოვოს ისეთი საქმიანობის დარეგულირება, როგორიცაა მაგალითად თავშეყრა და ზიარება ერთი კოვზით, რომლითაც შესაძლებელია დაავადება გავრცელდეს", — ამბობს მშვენიერაძე.

თუმცა, მთავრობას ეკლესიასთან მიმართებით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონით მოქმედებაზე არაფერი უთქვამს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღეს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობდა, რომ დეკრეტში რწმენისა და აღმსარებლობის უფლებასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არის. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ინიციატორი, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია კი ეკლესიის შესახებ კითხვის პასუხად აცხადებდა, რომ "შეკრების შეზღუდვა ყველას და ყველაფერს ეხება".

მიუხედავად ამისა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა საგანგებო მდგომარეობის დროს მრევლის შეკრების შეზღუდვაზე თქვა, რომ ამას "სახელმწიფოს არ გააკონტროლებინებს".

გიორგი მშვენიერაძის აზრით, იაკობის ეს განცხადება პრემიერ-მინისტრისთვის "სილის გაწვნა" იყო. მისი თქმით, ერთიან სახელმწიფოში კონსტიტუციასა და კანონზე მაღლა არავინ დგას. ამიტომ, როგორც იურისტი ამბობს, სასულიერო პირების მხრიდან მსგავსი რიტორიკა სახელმწიფოსთვის "დამამცირებელია".

"სასულიერო პირების რიტორიკა, რომ თითქოს ისინი სახელმწიფოსგან განყენებული და ზემდგომები არიან, არის შეურაცხყოფა არა მარტო სახელმწიფოებრიობის, არამედ ჩვენი თითოეული მოქალაქის, მათ შორის მათი მრევლის და მათ მრევლს გარეთ მყოფი ადამიანების. ვიღაცის ნათქვამი, რომ ვერ გაბედავენ აქ შემოსვლას, სახელმწიფოსათვის ცოტა დამამცირებელია. ისე ჩანს, რომ ეს ამცირებს მხოლოდ პერსონალურად პრემიერს, სინამდვილეში კი ზოგადად საერო სახელმწიფოსადმი გასროლილი ხელთათმანია", — ამბობს მშვენიერაძე.

როგორც იურისტი აღნიშნავს, თუკი სასულიერო პირები არ დაემორჩილებიან ამ ნორმებს, რომლებიც ნაკარნახევია ჯანდაცვის ინტერესებიდან, მაშინ სრული პასუხისმგებლობა სახელმწიფოსთან ერთად მათზე გადანაწილდება.

ეკლესია და სახელმწიფო

სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების ვალდებულებაზე საუბრობს თეოლოგი ლადო ნარსიაც. მისი თქმით, ეკლესია ვალდებულია, რომ სახელმწიფოში არსებული ნებისმიერი ნორმატიული აქტის შესაბამისად იმოქმედოს და სახელმწიფოსთან ერთად საზოგადოებრივი ინტერესები დაიცვას და ამისთვის კონსტიტუციური შეთანხმების ჩანაწერიც საკმარისია.

თუმცა, თეოლოგი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ქცევიდან გამომდინარე, ეკლესიისთვის შეზღუდვის დაწესებაზე საუბარი რთულია. მისი თქმით, მთავრობა ეკლესიას რიტუალების ჩატარებას ვერ შეუზღუდავს, რადგან საპატრიარქოში დაბარებისას პრემიერს "აიძულეს", რომ ეკლესია საზოგადოებრივი სიკეთის ინტერესის ველიდან გაეყვანა.

"როცა სახელმწიფო თავად გვეთამაშება ტერმინებით, როგორ უნდა შეძლოს შეზღუდვა. რადგან ეკლესია ასე იქცევა, სახელმწიფომ უნდა უთხრას, რომ ამ ჯიუტობისა და დაჟინებული მოქმედებების გამო, თქვენვე აიღებთ თქვენს ქმედებებზე პასუხისმგებლობას. თუკი დადასტურდება, რომ ეკლესიაში ან ტაძარში ლოცვის თუ სხვა მსახურების შესრულების დროს მოხდება ინფიცირება ან გარდაცვალება, ამაზე არსებობდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. როცა არ არის ეკლესია შემოსული ასეთი პასუხისმგებლობის ველში, ის მუდმივად ელაპარაკება სახელმწიფოს შორიდან, პასუხისმგებლობის გარეშე, მაგრამ მუქარით", — ამბობს ნარსია.

თეოლოგი ფიქრობს, რომ ეკლესიის "თამაშის წესებისა" და რეალობის გათვალისწინებით, უმჯობესი იქნებოდა, რომ მთავრობის დადგენილებას ეკლესიასთან დაკავშირებით დამატებითი ახსნა-განმარტება მოჰყოლოდა.

რა შეუძლია ეკლესიას

ფოტო: მირიან გამრეკელაშვილი / ფეისბუქი

სამართლებრივი ნაწილის გარდა, On.ge დაინტერესდა, რამდენად შეუძლია საპატრიარქოს მოთხოვნების გათვალისწინება ისე, რომ ეკლესიური წესები არ დაარღვიოს.

თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილის თქმით, ზიარებისა და ლიტურგიის ჩატარების წესის შეცვლა შესაძლებელი და მისაღებია. მისი განმარტებით, მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა წერილზე ზედმეტად ფიქსირებული არ არის და ყველა ის წესი, რომელიც დღეს აქვს, ეკლესიის მიერ კონკრეტულ დროსა და სივრცეში დადგინდა.

თუმცა, მირიან გამრეკელაშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს ეკლესია ბევრ სხვა ქრისტიანულ წარმოდგენას გაემიჯნა და თეოლოგიური ცოდნა დაკარგა. მისი თქმით, სინოდში, რამდენიმე წევრის გარდა, არ ჰყავთ კომპეტენტური პირები, რომლებსაც ეცოდინებათ, როგორ ხდებოდა შესაბამის პერიოდებში ეკლესიებში ცვლილებების გატარება.

"ეს არის სიტუაცია, როცა კარგად ჩანს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სერიოზული კრიზისი... მთელი ქრისტიანული მოძღვრებიდან საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ ბოლო ჟამის შესახებ წარმოდგენები დატოვეს", — ამბობს გამრეკელაშვილი.

თეოლოგის თქმით, ის ცვლილებები, რასაც საზოგადოების ნაწილი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან ეკლესიისგან ითხოვს, არსობრივი არ არის. თუმცა, მისი განმარტებით, თუ ეკლესია საერთო ზიარების წესს ახლა შეცვლის, მაშინ ძველ წესს დიდი ხნით ვეღარ დააბრუნებს.

"ზიარების არსს არანაირად არ შეცვლის ის, მორწმუნემდე კოვზით მივა თუ ხელის გულით, ქრისტეს სისხლი და ხორცია ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც. მაგრამ ეკლესია საკუთარ თავს ეუბნება, რომ ეს ცვლილება შეიძლება დროებითი არ იყოს. თუ შეცვლი ზიარების წესს და მას ჰიგიენაზე ადამიანის თანამედროვე წარმოდგენებს დაუქვემდებარებ, მაშინ ის უნდა დატოვო და ორი წლის შემდეგ საერთო კოვზით ზიარებას ვეღარ დააბრუნებ. კოვზით ზიარება ან უნდა შეიცვალოს ერთხელ და ძალიან დიდი ხნით, ან არ უნდა შეიცვალოს", — ამბობს გამრეკელაშვილი.

საპატრიარქოს მიერ ცვლილებების არგატარების კიდევ ერთ მიზეზად მირიან გამრეკელაშვილი საქართველოს ეკლესიაში არსებულ მიმართულებას ასახელებს, რომლის მიხედვითაც კორონავირუსი ცოდვებისთვის ღვთისგან მოვლენილი სასჯელია, რასაც "მრევლი უნდა შეეგუოს".

"სანამ რომელიმე ეპისკოპოსს ან მის ოჯახს, ან თავად პატრიარქს ან მის უახლოეს გარემოცვას არაფერი შეხებია და არაფერი სჭირს, საპატრიარქოს უჭირს საფრთხისა და მისი შედეგების ადეკვატურად აღქმა. ჩვენს იერარქებს რომ შეეყაროთ ეს ვირუსი, როგორ ფიქრობთ, რას მოიმოქმედებენ? სიმდაბლით მიიღებენ "უფლის ნებას" თუ საერთოდ საზღვარგარეთ ჩარტერული რეისებით გაფრინდებიან სამკურნალოდ?" — ამბობს თეოლოგი.

თუმცა უცნობია, რამდენად იქნება საკმარისი ეკლესიის მიერ დაწესებული 2-მეტრიანი და ნაკლები დისტანცია იმისთვის, რომ მოახლოებულმა რელიგიური დღესასწაულებმა ქვეყანაში ეპიდაფეთქება არ გამოიწვიოს.

კორონავირუსთან და საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით დღეს საპატრიარქომ მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ეკლესია ხალხმრავალ ღვთისმსახურებებზე უარს კვლავ არ ამბობს და მთავრობის დადგენილებიდან მხოლოდ 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვას აპირებს. განცხადებაში ასავე აღნიშნულია, რომ უკვე მიმდინარეობს დასადგომი ადგილების მონიშვნა და ტაძრების რადიოფიცირება.

ამასთან, საპატრიარქო მოუწოდებს მათ, ვისაც ჯანმრთელობა ხელს არ უწყობს, განკურნებამდე სახლში დარჩნენ. განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ "ვინც უარს ამბობს ერთი ბარძიმიდან ზიარებაზე, უარს ამბობს მაცხოვარზე!". ეკლესია მიუთითებს მედიაზეც და ამბობს, რომ ხელოვნურად მზადდება აზრი, რათა შესაძლო პრობლემების მიზეზი ეკლესია გამოცხადდეს.