"ახლა ზვარეში ვარ. ხელი მოეწერა დოკუმენტს, მუშებიც აქ არიან, შეთანხმება მიღწეულია, დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნები, ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას." - ამის შესახებ On.ge-ს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენელმა, ილია ლეჟავამ მიაწოდა ინფორმაცია.

ლეჟავას ცნობით, ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს მენეჯმენტი მთლიანად შეიცვალა:

"13 კაცი ზუსტად, ეს გაფორმებულ ხელშეკრულებაში წერია. აირჩა ახალი მენეჯმენტი. დასაქმებულებთან შეთანხმებით, მათი რეკომენდაციით ვინც იყო წარდგენილი მენეჯერი პოზიციაზე ის ადამიანი დაინიშნა. ის ჩინელი ეროვნებისაა, თუმცა მას დაუნიშნეს ქართველი მოადგილე, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის."

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენლის ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ, დღევანდელი დღის ჩათვლით, მუშებს სრულიად აუნაზღაურდებათ გაცდენილი სამუშაო. მისივე თქმით, ჩინურმა კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ დაზარალებულების რეაბილიტაციას და ჯანმრთელობის მდგომარეობას სრულად აანაზღაურებს.

2 ნოემბერს, ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში, რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული რამდენიმე მუშა კომპანია ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს წარმომადგენლებმა სცემეს. თავდაპირველად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ On.ge-ს განუცხადა, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. 3 ნოემბერს, დღის ბოლოს, სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამი მოქალაქე დააკავეს.