უნდა მივიღოთ თუ არა COVID-19-ის სიმპტომების ჩვენების დროს იბუპროფენი, ბოლო დროს დავის საკითხად იქცა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) საკუთარი პოზიცია შეცვალა — გავრცელებული განცხადების მიხედვით ორგანიზაციამ სიმპტომების დროს იბუპროფენის მიღებას რეკომენდაცია არ გაუწია, 19 მარტს კი განაცხადა, რომ მედიკამენტის თავიდან არიდებას რეკომენდაციას არ უწევს.

დავა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის ტვიტერზე გავრცელებული განცხადებით დაიწყო, სადაც ის ამბობს, რომ ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღებამ, შესაძლოა, ინფექცია გაამწვავოს. მინისტრის მიხედვით, სიმპტომების დროს პარაცეტამოლის მიღება კი პრობლემას არ წარმოადგენს.

ამჟამად, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური (NHS) სიმპტომების დროს მხოლოდ პარაცეტამოლის მიღებას უწევს რეკომენდაციას, მიუხედავად იმისა, რომ იბუპროფენის წინააღმდეგ ძლიერი არგუმენტი ჯერ კიდევ არ არსებობს.

იბუპროფენი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატთა კლასს (NSAID) ეკუთვნის, რომელსაც, როგორც წესი, სამი ძირითადი გამოყენება აქვს — შველის ანთებას, ტკივილს და სიცხეს.

მაღალი ტემპერატურა ხველასთან და სუნთქვის გაძნელებასთან ერთად, კორონავირუსის ძირითადი სიმპტომია. მაღალ ტემპერატურას ჩვენი სხეული თავდაცვით მექანიზმად იყენებს, იმუნური სისტემა კი მოლეულების ჯაჭვს ქმნის, რომელიც ტვინს ინფექციის დასამარცხებლად მაღალი ტემპერატურის შენარჩუნებას სთხოვს. თუმცა, ძალიან მაღალი ტემპერატურა მკურნალობას საჭიროებს, რადგან ის, შესაძლოა, ფატალურად დასრულდეს.

იბუპროფენთან დაკავშირებული ეჭვები სათავეს აქამდე ჩატარებული კვლევებიდან იღებს — გულ-მკერდის ინფექციებით დაინფიცირებულ ადამიანებს იბუპროფენისა და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტების მიღების შემდეგ სიმპტომები უუარესდებოდათ.

შედეგად, ორი კვლევის მიხედვით, ექიმებმა და ფარმაცევტებმა ასეთი მედიკამენტები გულ-მკერდის ინფექციებით დაავადებულებისთვის, ბავშვებისთვისა და კორონავირუსით დაინფიცირებულთათვის არ უნდა დანიშნონ. შეთანხმება იმის შესახებ თუ რატომ აუარესებს იბუპროფენი გულ-მკერდის ინფექციებს, არ არსებობს, თუმცა ორივე კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტებს, რომლებმაც ის მიიღეს მდგომარეობა გაურთულდათ.

იმის გამო, რომ COVID-19 ახალი ვირუსია, დაზუსტებით ვერ გვეცოდინება აუარესებს თუ არა იბუპროფენი მდგომარეობას. ამ საკითხის კვლევა აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა გავრცელებული სხადასხვა ტიპის ინფორმაციის გამო, უსაფრთხოების მიზნით უმჯობესია, თუ იბუპროფენს კორონავირუსის სიმპტომების დროს არ გამოვიყენებთ.

აღსანიშნავია, რომ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტების მიღებამ, შესაძლოა, კუჭის წყლული და საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობა გამოიწვიოს. მან შეიძლება ცუდად იმოქმედოს გულის, თირკმელისა და ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებზე, ასევე მოხუცებზე, ორსულებსა და ალკოჰოლის ხშირ მომხმარებლებზე.

ასევე, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა მედიკამენტების მიღებამდე რჩევა პროფესიონალი ექიმისა და შესაბამისი სამსახურებისგან მიიღონ.