შეიძლება The Walking Dead არასდროს გინახავს, მაგრამ ჯორჯიის შტატში გადაღებული სუპერპოპულარული სერიალის ამ პოსტერისთვის აუცილებლად მოგიკრავს თვალი.

კადრი ატლანტაში მდებარე ჯეკსონ სტრიტის ხიდზეა გადაღებული. მოსიარულე მკვდრების შემქმნელებმა სწორედ ეს სცენა გამოიყენეს პირველი სეზონის პრომოუშენისთვის.

სერიალში ჯორჯიაში უცნობი ვირუსი ჩნდება, რომელიც შემდეგ მთელ მსოფლიოში ვრცელდება. ასე იქცევა ატლანტა მოჩვენებების ქალაქად. ცხენზე ამხედრებული კაცი შერიფი რიკ გრაიმსია (ენდრიუ ლინკოლნი). კადრი 2003 წელსაა გადაღებული.

ფოტო: AMC

სერიალის თაყვანისმცემელმა, კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, ატლანტაში მცხოვრებ მეგობარს ხიდისთვის სურათის გადაღება სთხოვა.

პანდემიის დროს გადაღებული დაცარიელებული ხიდის მსგავსება პოსტაპოკალიპტური და ფანტასტიკური ჟანრის სერიალის პოსტერთან დიდია.

"ყოველთვის მიყვარდა მოსიარულე მკვდრები, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთ რეალობაში მე არ ვცხოვრობდი", — წერს ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებელი.

როგორც იდეის ავტორმა ბაზფიდს უთხრა, სერიალის პოსტერისა და რეალობის შედარება მას შემდეგ გადაწყვიტა, როცა ჩუმ და ცარიელ ატლანტაზე სტატია წაიკითხა. ამის შემდეგ მისწერა კოლეჯის მეგობარს, პოსტერი ანახა და მსგავსი კადრის გადაღება სთხოვა. როგორც სურათის ავტორი ამბობს, ის ხიდთან ახლოს მუშაობს და ფოტო 20 მარტს, iPhone 6-ით გადაიღო. მას თავისი კადრის დამუშავებული ვერსიაც აქვს, რომელიც კიდევ უფრო აჩენს სერიალთან მსგავსებას.

ბოლო მონაცემებით, ჯორჯიის შტატში კორონავირუსის 620 შემთხვევაა დაფიქსირებული.