ანაკლიასა და მესტიაში საკარანტინო სივრცეები მოეწყო. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ჯამში ანაკლიაში 138 ნომერი იქნება, ხოლო მესტიაში ორი საკარანტინო სივრცეა მოწყობილი.

ასევე, ალექანდრე მოწერელიას თქმით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში წითელი ჯვარის მიერ მოხალისეების გადამზადაბა მიმდინარეობს.

"რეგიონში ამ ეტაპზე 250 მოხალისეა მობილიზებული, რომელთა გადამზადებას წითელი ჯვარი ახდენს. მოხალისეები უკვე ჩაერთვნენ უფასო სასადილოებიდან 70 წელს გადაცილებული მოქალაქეების საკვების შინ მიტანის პროცესში, ასევე მოხალისეები ჩართული არიან სავაჭრო ობიექტებსა და ბანკომატებთან რიგების მოწესრიგებაში", — განაცხადა მოწერელიამ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 329 პირი, რეგიონში თვითიზოლაცია დაასრულა 63 პირმა, კარანტინში რეგიონიდან გადაყვანილია 26 ადამიანი.