საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქესთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ პანდემიის გამო, ქვეყნებს შორის გადმოსვენების ჩვეულებრივი პროცედურა ვერ მოქმედებს.

"ჯანდაცვის მსოფლოს ორგანიზაციას აქვს მკაცრად განსაზღვრული პროტოკოლი კორონავირუსით გარდაცვლილის დაკრძალვის, რომლის დაცვის ვალდებულებაც აქვს წევრ სახელმწიფოებს, მათ შორის ესპანეთს. საკონსულო სამსახური მუდმივად ხაზზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და ისინი ინფორმირებულები არიან ამის შესახებ", — თქვა დავით ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანის თქმით, 73 წლის საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ, 22 მარტს ესპანეთში გარდაიცვალა, სასუნთქ სისტემასთან დაკავშირებით გართულებები ჰქონდა.

ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე 19 და 21 მარტს გარდაიცვალა. ორივე შემთხვევაში პაციენტებს დამატებით ქრონიკული დაავადებები აწუხებდათ.

კარანტინი 2 რაიონში და საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში: ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი. კარანტინში მოთავსებულია 3 320 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 235.

კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მარნეულში ინფიცირებულ პირს, ათეულობით ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. ჩაიკეტა ორივე რაიონის შესასვლელი, რომელსაც სამხედროები და შსს-ს თანამშრომლები აკონტროლებენ. ასევე, გაიშალა საველე ჰოსპიტლები.

ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, მარნეულსა და ბოლნისში დაიწყოს ტესტირების სპეციალური პროგრამა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სწრაფი ტესტები ქვეყანაში ხვალიდან შემოვა.

გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქალაქთაშორისო გადაადგილება აიკრძალა ყველა სახის ტრანსპორტით, გარდა პირადი ავტომობილებისა. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით კი შეზღუდვები დაწესდა ტაქსებზე. კერძოდ, მხოლოდ 2 მგზავრის გადაყვანა შეიძლება უკანა სავარძლებზე და ფანჯრები უნდა იყოს ღია.

დღეს, 23 მარტს ცნობილი გახდა, რომ მთავრობის განკარგულებით, საქართველოს ავიახაზები 2 კვირის განმავლობაში მსოფლიოს 6 ქალაქიდან ჩამოიყვანს მგზავრებს. მთავრობის მოთხოვნით, ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს €199-ს.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდეც, მთავრობას კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული ჰქონდა არაერთი შეზღუდვა. კერძოდ:

გარდა ამისა, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორს მიცემული აქვს რეკომენდაცია დისტანციურ მუშაობაზე. 70 წელზე ზევით მოხუცებს კი თვითიზოლაცია ურჩიეს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: