კანადა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც განაცხადა, რომ ზაფხულში ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე სპორტსმენებს არ გაუშვებს. ოლიმპიადა 2020 წლის ზაფხულში 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე უნდა ჩატარდეს და ამ დრომდე უცნობია რა ელის მთავარ სპორტულ ღონისძიებას.

კანადის ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ოლიმპიადის ჩატარება და მისთვის მომზადება საფრთხის ქვეშ დააყენებს მათი სპორტსმენებისა და ოჯახების ჯანმრთელობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაცნობიერებთ იმ სირთულეებს, რომელიც ოლიმპიადის გადადებას მოჰყვება, არაფერია იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენი სპორტსმენებისა და მსოფლიო საზოგადოების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება".

ავსტრალიის ოლიმპიურმა კომიტეტმა მოუწოდა საკუთარ სპორტსმენებს, რომ 2021 წლის ოლიმპიადისთვის მოემზადონ. როგორც კომიტეტის პრეზიდენტი ამბობს, დღევანდელ პირობებში ივლისისთვის სპორტსმენების შეკრება და ტოკიოში გამგზავრება შეუძლებელი იქნება.

ამავე დროს, ახალმა ზელანდიამ განაცხადა, რომ თუ ოლიმპიადა გრაფიკის მიხედვით ჩატარდება, ბოიკოტს განიხილავენ.

კორონავირუსის გამო უკვე არაერთი ღონისძიება გაუქმდა, მათ შორის კანის კინოფესტივალი და მეტგალა. გადაიდო არაერთი ფილმის პრემიერა და შეჩერდა ფილმებისა და სერიალების გადაღებები.

ამჟამად მსოფლიოში კორონავირუსით 339 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული და 15 ათასამდე გარდაცვლილი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: