პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა წარუდგენს გეგმას იმ ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში მსამსახური დაკარგეს ან პოტენციურად შეიძლება დაკარგონ სამსახური. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ისაუბრა.

"გარდა იმ გეგმისა, რომელიც მთავრობას უკვე მზად აქვს, ეკონომიკის კონკრეტული სექტორების დასახმარებლად, უახლოეს დღეებში იქნება წარმოდგენილი გეგმა, ჩვენი მოქალაქეების კონკრეტული მიზნობრივი დახმარების თვალსაზრისით, რომელსაც ექნება კონკრეტული, აბსოლუტურად ხელშესახები მიზანი იმისთვის, რომ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგეს გვერდით", — განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

დღეს, 21 მარტს კორონავირუსთან ბრძოლისთვის საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მას ამისთვის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მიმართა.

პრეზიდენტის განმარტებით, მისი გამოცემული დეკრეტით, საგანგებო მდგომარეობა ძალაშია 21 აპრილამდე, რაც ნიშნავს, რომ ამ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე შეიზღუდება კონსტიტუციით გათვალისწინებული მთელი რიგი უფლებები. მათ შორის, გადაადგილებისა და მიმოსვლის, საკუთრების, შეკრებისა და თავშეყრის უფლებები, საჯარო სერვისების მიწოდების შესაძლებლობა.

გარდა ამისა, პრეზიდენტი განამრტავს, რომ საგანგებო რეჟიმის დარღვევის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სანქციებია გათვალისწინებული. მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობაზე მისი გამოცემული დეკრეტი არ ითვალისწინებს:

  • მედიის მუშაობის შეზღუდვას;
  • სრულ კარანტინს;
  • კომენდანტის საათს.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განმარტებით კი საგანგებო მდგომარეობა ასევე არ ითვალისწინებს:

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხზე საქართველოს პარლამენტი დღეს იმსჯელებს. სხდომის ზუსტი დრო ჩანიშნული არ არის, საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის შესაბამის განკარგულებას ელოდებიან.

ამავე თემაზე: