დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

"ეკლესიის წევრებისათვის ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა; მაგალითად: საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამყვან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია", — წერია სინოდის განჩინებაში, რომელიც სხდომის დასრულების შემდეგ საზოგადოებას მიტროპოლიტმა გააცნო.

რაც შეეხება ტაძარში მორწმუნეთა სიმრავლისა და საეკლესიო რიტუალების უსაფრთხოებას კორონავირუსის პანდემიის დროს, სინოდი აცხადებს, რომ "ეკლესიის ყველა საიდუმლოება სულიწმინდის მოწმედების სფეროა", სადაც აღესრულება "ღვთაებრივი სასწაულები".

სინოდის განცხადებით, ამ "კრიტიკულ პერიოდში" მიზანშეწონილად მიაჩნიათ შემდეგი რეკომენდაციები:

  1. ყველა ეკლესიასა და მონასტერში ღვთისმსახურება ჩატარდება მარხვის ტიპიკონისა და ეკლესიის წეს-განგების სრული დაცვით;
  2. სასურველია ყველა მოქმედ ტაძარში და მის გარეთ დამონტაჟდეს გახმოვანების საშუალებები, რათა მრევლმა ღია სივრცეშიც შეძლოს ლოცვაზე დასწრება;
  3. ზიარების შემდგომ მცირე რაოდენობის დასაყონებელი სასმლის მიღება დასაშვებია სხვადასხვა ჭურჭლით;
  4. რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს, ხანდაზმულებს, ინფექციური დაავადებების სიმპტომებისა და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებს, ასევე, თვითიზოლაციაში მყოფ ან ვირუსით დაავადებულებს, სურვილის შემთხვევაში სამღვდელობა ადგილზე მოემსახურება;
  5. სინოდი მორწმუნეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და სიფრთხილით მოეკიდონ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ეს არის მოყვასზე ზრუნვის გამოვლინება... არსებულ სიტუაციაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადამიანურ სიკეთეს და ურთიერთმხარდაჭერას, ეს იქნება ჩვენი რწმენისა და ღირსების მაჩვენებელი;
  6. ვიდრე ქვეყანაში რთული მდგომარეობაა ყველამ წავიკითხოთ თითო თავი სახარებიდან და ყოველდღე ვთქვათ ლოცვები: მამაო ჩვენო, ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მოწყალებისა კარგი გამიღე;
  7. საქართველოს ეკლესია მზად არის გასწიოს სულიერი მზრუნველობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ თანამემამულეებზე. ასევე, საპატრიარქოს სამედიცინო დაწესებულებები მზად არის ითანამშრომლოს სახელმწიფო დაწესებულებებთან, რათა არსებულ სიტაუციაში მიიღოს შესაბამისი პაციენტები.

სინოდის განჩინებაში წერია, რომ მსოფლიო მრავალი სირთულისა და გამოწვევის წინაშე დგას და ახალმა ვირუსმა [კორონავირუსმა] ადამიანები დიდი განსაცდელის წინაშე დააყენა, რაც პასუხის გაცემას მოითხოვს. მათი თქმით, საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ამის მთავარი მიზეზი "თანამედროვე ადამიანის ღმერთთან დაშორებაა".

"ჩვენ, ეკლესიის წევრები არ ვუშინდებით და არ გავურბივართ განსაცდელს, არამედ ვიღებთ თავმდაბლობით და ვიღებთ მისი დაძლევის გზებს. ასეთ დროს მორწმუნეები, განსაკუთრებით წმინდა და დიდი მარხვის პერიოდში აძლიერებენ მარხვას და ლოცვას", — წერია განჩინებაში.

სინოდი აცახდებს, რომ საუკუნების მანძილზე არაერთი განსაცდელი, მათ შორის, ომები, ეპიდემიები გადაიტანეს და წამთ, რომ ღვთის წყალობით ერთად გადაიტანენ ამ განსაცდელსაც და ერთად შეეგებიან აღდგომის დღესასწაულს.

საქართველოს საპატრიარქოსგან განსხვავებით, ზიარების წესი შეცვალა რამდენიმე მართლმადიდებლურმა და კათოლიკურმა ეკლესიამ. მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ კი განაცხადა, რომ მარტის ბოლომდე ყველა რელიგიურ მსახურებას და წესის შესრულებას წყვეტს.

პანდემია და საქართველოს საპატრიარქო

მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსი გავრცელდა, ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, რომან გოცირიძემ საპატრიარქოს შესთავაზა, რომ პრევენციისთვის, ზიარებისას ერთჯერადი კოვზებით ესარგებლათ. მსგავსი რჩევა ჰქონდა დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ინფექციურ საავადმყოფოს დირექტორებსაც, თუმცა რელიგიურ რიტუალზე რეკომენდაციის გაცემაზე უარს ამბობდნენ. საპატრიარქომ განაცხადა, რომ სიცოცხლისთვის საშიში დაავადება არაერთხელ გავრცელებულა და ეს რჩევა არ გაითვალისწინა. მათ მხოლოდ ის ცვლილება შეიტანეს, რომ მრევლს უფლება მისცეს ზიარების შემდგომ სასმელი (სიტკბოების) ერთჯერადი ან საკუთარი ჭიქით მიიღონ.

მას შემდეგ, რაც კორონავირუსი პანდემიად გამოცხადდა, საპატრიარქომ მრევლს მისცა რეკომენდაცია ყოველ დილას, უზმოზე ნაკურთხი წყალი დალიონ, სახლსა და სამსახურში აპკურონ და ასე ებრძოლონ ვირუსს. ასევე, პატრიარქის გადაწყვეტილებით ყოველ კვირა დღეს, 12 საათზე ყველა ტაძარში უნდა დაირეკოს ზარი და მრევლმა, ეკლესიაში და სხვაგანაც, ერთად უნდა ილოცოს. გარდა ამისა, თბილისისა და სხვა ქალაქებში "ვირუსისგან დასაცავად" ქუჩები აკურთხეს.

სინოდის სხდომის შეკრების აუცილებლობაზე პირველად ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, გრიგოლ ბერბიჭაშვილმა ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა შეხვედრა იმისთვის იყო საჭირო, რომ გაირკვეულიყო რომელია პატრიარქის კურთხევა და რომელი არა. მისი თქმით, გაურკვეველია ვინ საუბრობდა ეკლესიის სახელით. მოგვიანებით, სინოდის სხდომა ჩაინიშნა და საპატრიარქომ მოუწოდა სასულიერო პირებს, რომ სინოდის სხდომამდე პირადი აზრის გამოთქმისგან თავი შეეკავებინათ.

ეპიდსიტუაცია საქართველოში: შეზღუდვები და რეკომენდაციები

20 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი 43 ადამიანს დაუდასტურდა. ერთი მათგანი, პაციენტი N1, უკვე გამოჯანმრთელდა, ის საავადმყოფოდან 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაწერეს. კარანტინის რეჟიმში რჩება 1 925 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 271.

19 მარტს კორონავირუსის გამო გარდაიცვალა ესპანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქე. მთავრობის ინფორმაციით, ქალი 74 წლის იყო და მას ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

პრემიერ-მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებაც იმსჯელა. როგორც გიორგი გახარიამ თქვა, ამის აუცილებლობა ჯერ ისევ არ არის.

კორონავირუსის პრევენციისთვის ხელისუფლებამ შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა:

ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ უკვე მიმართა ფარმაცევტულ კომპანია Gilead-ს იმ პრეპარატისთვის, რომელიც კორონავირუსის მკურნალობისას ჩინეთმა გამოიყენა.

რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული, მათ შორის, კაფე-ბარებსა და რესტორნებს. აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება. ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.

შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც. მედიის წარმომადგენლებს პარლამენტსა და მთავრობის ადმინისტრაციაში შესვლა შეეზღუდათ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს და დარღვევის შემთხვევაში ისინი იძულებით კარანტინში გადაჰყავს. სავარაუდოდ, თვითიზოლაციის წესების დარღვევა საქართველოშიც დასჯადი გახდება. პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს უკვე განიხილავს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: