სხვადასხვა გიგანტი ტელეკომპანიები თუ სტრიმინგ სერვისები სატელევიზიო შოუების აღზევების ეპოქაში ყოველწლიურად კიდევ უფრო მეტი ახალ-ახალი მაღალბიუჯეტიანი და მასშტაბური პროექტებით უწევენ ერთმანეთს კონკურენციას.

ეს პროცესი კი განსაკუთრებით ნაყოფიერი იმ მაყურებლებისთვისაა, რომლებმაც უკვე გამოსული ყველა საინტერესო სერიალი ბოლოში გაიყვანეს და ახალ სანახაობას ელიან.

ვნახოთ, რა გამორჩეულ სიახლეებს უნდათ ველოდოთ ამ სეზონზე სატელევიზიო შოუების მოყვარულები:

1. Self Made: Inspired By The Life of Madam C.J. Walker

ნეტფლიქსის ახალი სერიალი ნამდვილი ისტორიის მიხედვით შეიქმნა, რომელიც დეტალურად გვაჩვენებს, თუ რისი გადალახვა უწევდათ აფროამერიკელ ქალებს გასულ საუკუნეში, რათა ფინანსური დამოუკიდებლობა მოეპოვებინათ.

სერიალში მთავარ როლს ოსკაროსანი მსახიობი, ოქტავია სპენსერი ასრულებს.

პრემიერის თარიღი: 20 მარტი

2. Run

მას შემდეგ, რაც ფიბი უოლერ-ბრიჯმა ორი შთამბეჭდავი სერიალი — Fleabag და Killing Eve შექმნა, ამჯერად HBO-სთანაც ითანამშრომლა და ახალი კომედიური თრილერის პროდიუსერია, რომლის ტრეილერიც გვპირდება, რომ წინ საინტერესო სანახაობა გველის.

სერიალში მთავარ როლებს Unbelievable-ის ვარსკვლავი, მერიტ უივერი და ასევე ცნობილი მსახიობი, დონალ გლისონი ასრულებენ.

პრემიერის თარიღი: 12 აპრილი

3. Mrs. America

FX-სა და Hulu-ს ერთობლივი თანამშრომლობით შექმნილი ახალი სატელევიზიო შოუ 70-იანი წლების ამერიკაში განვითარებულ მოვლენებს ასახავს, როცა ფემინიზმის მეორე ტალღის სახელით ცნობილი მოძრაობა მთელ მსოფლიოში ძალას იკრებდა.

სერიალში მთავარ როლს ოსკაროსანი მსახიობი, ქეით ბლანშეტი ასრულებს და ის კონსერვატიული ღირებულებების მქონე ფილის შლაფლაის, ყოფილ მის ამერიკას განასახიერებს, რომელიც ფემინისტურ მოძრაობას ებრძვის.

პრემიერის თარიღი: 15 აპრილი

4. Penny Dreadful: City of Angels

მალე ეკრანებზე 2014 წელს გამოსული საშინელებათა ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სერიალის, Penny Dreadful-ის სპინოფი გამოვა, რომლის სიუჟეტიც 1938 წელს ლოს-ანჯელესში ვითარდება და ამერიკაში მცხოვრები მექსიკელების ტრადიციული ფოლკლორული წარმოდგენებით გამდიდრებული საინტერესო ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.

მთავარ როლში Game of Thrones-ის მსახიობს, ნატალი დორმერს ვიხილავთ, რომელიც ზებუნებრივი ძალების მქონე დემონის, მაგდას როლს შეასრულებს.

პრემიერის თარიღი: 26 აპრილი

5. Hollywood

ფოტო: Netflix

Glee-ის, American Horror Story-სა და Pose-ის შემდეგ რაიან მერფი ეკრანებზე ახალი ამბიციური პროექტით ბრუნდება: მისი ახალი სერიალი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდში განვითარებულ მოვლენებს აღწერს.

ამ მინისერიალის შესახებ ბევრი დეტალი ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა ის ნამდვილად ვიცით, რომ მასში ოქროს გლობუსის მფლობელ მსახიობს, დარენ კრისს ვიხილავთ.

პრემიერის თარიღი: 1-ლი მაისი

6. The Eddy

ნეტფლიქსი თავის მომხმარებლებს კიდევ ერთ ახალ შოუს სთავაზობს, რომელიც თანამედროვე პარიზში მულტიკულტურული სამეზობლოს ყოველდღიურ ცხოვრებას ეკრანებზე გააცოცხლებს.

ახალი სერიალი ოსკაროსანმა რეჟისორმა, დემიენ შაზელმა გადაიღო, რაც იმის გარანტს გვაძლევს, რომ წინ კიდევ ერთი დაუვიწყარი მუსიკალური სანახაობა გველოდება.

პრემიერის თარიღი: 8 მაისი

7. The Third Day

პაოლო სორენტინოს გახმაურებული სერიალის, The New Pope-ის შემდეგ ჯუდ ლოუს HBO-ს მინისერიალში ვიხილავთ, რომელიც ორ ნაწილად — ზაფხულისა და ზამთრის ნაწილებადაა გაყოფილი და მისტიკური ისტორიის შესახებ მოგვითხრობს.

პრემიერის თარიღი: 11 მაისი

8. The Great

როგორც ჩანს, ამერიკაში ბოლო დროს რუსეთის იმპერატორის, ეკატერინე მეორის ცხოვრებით განსაკუთრებულად დაინტერესდნენ: გასულ წელს გამოვიდა HBO-ს სერიალი Catherine the Great, რომელშიც მთავარ როლს ჰელენ მირენი ასრულებს, თუმცა უკვე Hulu-მაც გადაიღო ამ ისტორიული პიროვნების შესახებ ახალი სატელევიზიო შოუ, რომელშიც იმპერატორი ეკატერინეს როლს ამჯერად ელ ფენინგი ასრულებს.

პრემიერის თარიღი: 15 მაისი

9. Home Before Dark

ეიფლი თავისი სტრიმინგ სერვისის Apple TV+ მაყურებლებს ახალ სერიალს უმზადებს, რომელიც თავისი მისტიკურობით თრილერისა და დეტექტივების მოყვარულებს განსაკუთრებულად დააინტერესებთ.

სერიალის სიუჟეტი მოზარდი გოგოს ირგვლივ ვითარდება, რომელიც თავის ქალაქში მომხდარი მკვლელობის გამოძიებას დამოუკიდებლად იწყებს, თუმცა მისი ასაკის გამო რთული დაბრკოლებების გადალახვა მოუწევს.

პრემიერის თარიღი: 3 აპრილი

10. The Plot Against America

სულ ცოტა ხნის წინ, 16 მარტს შედგა HBO-ს ამ ახალი დამაინტრიგებელი სერიალის პრემიერა, რომელიც სულ 6 ეპიზოდისგან შედგება და ყოველკვირეულად თითო ახალი ეპიზოდი გამოვა.

სერიალი ცნობილი ამერიკელი მწერლის, ფილიპ როთის ამავე სახელწოდების მქონე წიგნის მიხედვით გადაიღეს, რომელიც ალტერნატიული ისტორიის შესახებ მოგვითხრობს: 1940-იან წლებში აშშ მოულოდნელად ფაშისტური სახელმწიფო ხდება და ებრაელ მოსახლოებას საფრთხე ემუქრება.