დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ზიარების წესზე ეკლესია იმავე აზრზე დარჩა.

"მე პირადად ასე მიმაჩნია და წმინდა სინოდში არავითარი აზრთა სხვადასხვაობა არ არის, რომ ეჭვის შეტანა იმაში, რომ საერთო კოვზით ზიარებით შეიძლება ინფექცია გადაედოს ვინმეს, ეს არის ყოვლად გამორიცხული. შესაბამისად, ამას რაც შეეხება არავითარი ცვლილება არ შეიძლება, რომ იყოს", — განაცხადა მან.

მიტროპოლიტი ამტკიცებს, რომ ისინი ითვალისწინებენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და მრევლსაც ამისკენ მოუწოდებენ. თუმცა, ამავე დროს, აცხადებს, რომ აღდგომაზე სადღესასწაულო წირვა ჩატარდება.

პანდემია და საქართველოს საპატრიარქო

მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსი გავრცელდა, ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, რომან გოცირიძემ საპატრიარქოს შესთავაზა, რომ პრევენციისთვის, ზიარებისას ერთჯერადი კოვზებით ესარგებლათ. მსგავსი რჩევა ჰქონდა დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ინფექციურ საავადმყოფოს დირექტორებსაც, თუმცა რელიგიურ რიტუალზე რეკომენდაციის გაცემაზე უარს ამბობდნენ. საპატრიარქომ განაცხადა, რომ სიცოცხლისთვის საშიში დაავადება არაერთხელ გავრცელებულა და ეს რჩევა არ გაითვალისწინა. მათ მხოლოდ ის ცვლილება შეიტანეს, რომ მრევლს უფლება მისცეს ზიარების შემდგომ სასმელი (სიტკბოების) ერთჯერადი ან საკუთარი ჭიქით მიიღონ.

მას შემდეგ, რაც კორონავირუსი პანდემიად გამოცხადდა, საპატრიარქომ მრევლს მისცა რეკომენდაცია ყოველ დილას, უზმოზე ნაკურთხი წყალი დალიონ, სახლსა და სამსახურში აპკურონ და ასე ებრძოლონ ვირუსს. ასევე, პატრიარქის გადაწყვეტილებით ყოველ კვირა დღეს, 12 საათზე ყველა ტაძარში უნდა დაირეკოს ზარი და მრევლმა, ეკლესიაში და სხვაგანაც, ერთად უნდა ილოცოს. გარდა ამისა, თბილისისა და სხვა ქალაქებში "ვირუსისგან დასაცავად" ქუჩები აკურთხეს.

სინოდის სხდომის შეკრების აუცილებლობაზე პირველად ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, გრიგოლ ბერბიჭაშვილმა ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა შეხვედრა იმისთვის იყო საჭირო, რომ გაირკვეულიყო რომელია პატრიარქის კურთხევა და რომელი არა. მისი თქმით, გაურკვეველია ვინ საუბრობდა ეკლესიის სახელით. მოგვიანებით, სინოდის სხდომა ჩაინიშნა და საპატრიარქომ მოუწოდა სასულიერო პირებს, რომ სინოდის სხდომამდე პირადი აზრის გამოთქმისგან თავი შეეკავებინათ.

ეპიდსიტუაცია საქართველოში: შეზღუდვები და რეკომენდაციები

20 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი 43 ადამიანს დაუდასტურდა. ერთი მათგანი, პაციენტი N1, უკვე გამოჯანმრთელდა, ის საავადმყოფოდან 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაწერეს. კარანტინის რეჟიმში რჩება 1 925 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 271.

19 მარტს კორონავირუსის გამო გარდაიცვალა ესპანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქე. მთავრობის ინფორმაციით, ქალი 74 წლის იყო და მას ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

პრემიერ-მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებაც იმსჯელა. როგორც გიორგი გახარიამ თქვა, ამის აუცილებლობა ჯერ ისევ არ არის.

კორონავირუსის პრევენციისთვის ხელისუფლებამ შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა:

ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ უკვე მიმართა ფარმაცევტულ კომპანია Gilead-ს იმ პრეპარატისთვის, რომელიც კორონავირუსის მკურნალობისას ჩინეთმა გამოიყენა.

რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული, მათ შორის, კაფე-ბარებსა და რესტორნებს. აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება. ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.

შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც. მედიის წარმომადგენლებს პარლამენტსა და მთავრობის ადმინისტრაციაში შესვლა შეეზღუდათ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს და დარღვევის შემთხვევაში ისინი იძულებით კარანტინში გადაჰყავს. სავარაუდოდ, თვითიზოლაციის წესების დარღვევა საქართველოშიც დასჯადი გახდება. პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს უკვე განიხილავს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: