დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზღვარგარეთ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსი საქართველოს 20-მდე მოქალაქეს უდასტურდება. უწყებაში აცხადებენ, რომ მათი უმეტესობა იმ ქვეყნებშია, სადაც მაღალია საქართველოს მოქალაქეების კონცენტრაცია.

"თითოეული შემთხვევა მონიტორინგზე აქვთ აყვანილი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებს. ისინი ყოველდღიურ კავშირზე იმყოფებიან ჩვენს მოქალაქეებთან და, ასევე, მედიკოსებთან. პაციენტების უმეტესობას კორონავირუსის მსუბუქი ფორმები აღენიშნება და მკურნალობას გადიან ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ", — წერია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მოქალაქეები ხშირ შემთხვევაში მკურნალობას ადგილობრივად გადიან. საქართველოს საელჩოები საზღვარგარეთ 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველგან მოქმედებს ცხელი ხაზი.

ეპიდსიტუაცია საქართველოში: შეზღუდვები და რეკომენდაციები

20 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი 43 ადამიანს დაუდასტურდა. ერთი მათგანი, პაციენტი N1, უკვე გამოჯანმრთელდა, ის საავადმყოფოდან 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაწერეს. კარანტინის რეჟიმში რჩება 1 925 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 271.

19 მარტს კორონავირუსის გამო გარდაიცვალა ესპანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქე. მთავრობის ინფორმაციით, ქალი 74 წლის იყო და მას ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

პრემიერ-მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებაც იმსჯელა. როგორც გიორგი გახარიამ თქვა, ამის აუცილებლობა ჯერ ისევ არ არის.

კორონავირუსის პრევენციისთვის ხელისუფლებამ შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა:

ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ უკვე მიმართა ფარმაცევტულ კომპანია Gilead-ს იმ პრეპარატისთვის, რომელიც კორონავირუსის მკურნალობისას ჩინეთმა გამოიყენა.

რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული, მათ შორის, კაფე-ბარებსა და რესტორნებს. აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება. ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.

შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც. მედიის წარმომადგენლებს პარლამენტსა და მთავრობის ადმინისტრაციაში შესვლა შეეზღუდათ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს და დარღვევის შემთხვევაში ისინი იძულებით კარანტინში გადაჰყავს. სავარაუდოდ, თვითიზოლაციის წესების დარღვევა საქართველოშიც დასჯადი გახდება. პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს უკვე განიხილავს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: