ცნობილი სამედიცინო სატელევიზიო შოუ, გრეის ანატომია ამერიკის შეერთებულ შტატების კლინიკებს იმ სამედიცინო აღჭურვილობას გადასცემს, რომლებზეც ამჟამად პანდემიის გამო განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნაა.

სერიალისთვის აქამდე შეძენილ და გამოუყენებელ ყველა სამედიცინო ნიღაბს, მოსასხამსა და ხელთათმანს იმ კლინიკებს გადასცემენ, რომელთაც ეს ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ.

ამ ინიციატივას შეურთდა კიდევ ორი ცნობილი ამერიკული სერიალი Station 19 და The Resident.

"უზომო მადლიერებას გამოვხატავთ სამედიცინო პერსონალის მიმართ, რომელიც ამ რთულ დროს მუშაობს და ამ საჭირო ნივთების გადაცემასთან ერთად ვცდილობთ, სახლში თვითიზოლაციაში დავრჩეთ და ამ გზითაც დავეხმაროთ მათ", — განაცხადა ზემოთ ხსენებული სერიალების პროდიუსერმა, კრისტა ვერნოფმა.

ექიმი კარენ ლოუ, რომელიც ატლანტაში მდებარე იმ კლინიკაში მუშაობს, რომელსაც სამედიცინო აღჭურვილობა უსასყიდლოდ გადასცეს, თავისი მადლიერება ინსტაგრამზე გამოქვეყნებული საჯარო პოსტით გამოხატა:

"საზოგადოების მხრიდან მსგავსი მხარდაჭერა მათთვის, ვინც ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებაზე ზრუნავს, ძალიან ბევრს ნიშნავს".

სახელმწიფოს მხარდაჭერის მიუხედავად, კორონავირუსის გავრცელების გამო აშშ-ში სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტია: სამედიცინო პერსონალს არ ჰყოფნის უსაფრთხოების ზომების დასაცავად ისეთი აუცილებელი ნივთების რაოდენობა, როგორებიცაა ნიღბები და ხელთათმანები.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექვსი თვისთვის გათვლილი აღჭურვილობა უკანასკნელ პერიოდში 7 დღეში ამოიწურა და ხელისუფლება მარაგის განახლებას ფორსმაჟორში ცდილობს.