მიუხედავად ამერიკული რადიოს ყველაზე პოპულარული გადაცემის წამყვანის რაშ ლიმბას მტკიცებისა, როგორც აღმოჩნდა ამერიკის შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტი, რესპუბლიკელი ჯორჯ ბუში უმცროსი, დემოკრატ ჰილარი კლინტონს მხარს არ უჭერს.

თუმცა ის არც თანაპარტიელი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მომხრეა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

"ჯორჯ და ლორა ბუშებმა საპრეზიდენტო არჩევნების გრაფები ცარიელი დატოვეს და მხოლოდ ქვედა პალატის არჩევნებში დაუჭირეს რესპუბლიკელ კანდიდატებს მხარი" - განაცხადა დღეს ექსპრეზიდენტის წარმომადგენელმა.

რაშ ლიმბამ მოგვიანებით საკუთარი გავრცელებული ინფორმაცია შეასწორა და საზოგადოებას ნამდვილი ფაქტები მიაწოდა:

"ჯორჯ და ლორა ბუშებმა 2 კვირის წინ მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა (აშშ-ს რამდენიმე ადგილას არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი რამდენიმე დღით ადრე დაიწყო და დღეს სრულდება) და მათ ჰილარი კლინტონისთვის არ დაუჭერიათ მხარი".

ჯორჯ ბუშის მამამ და ამერიკის 41-ე პრეზიდენტმა გაამჟღავნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას ჰილარი კლინტონს მისცემს.