კორონავირუსის ეპიდემია სტრესისა და შფოთვის გაძლიერებას იწვევს; განსაკუთრებით კი იმ ადამიანებში, რომლებსაც ისედაც აწუხებთ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები.

სამედიცინო ექსპერტთა აზრით, კრიზისზე რეაგირებამ შეიძლება გადამეტებული ემოციურობის, შიშის, სევდის, სიბრაზისა და უიმედობის გრძნობები გააღვივოს. ზოგიერთ ადამიანს, შესაძლოა, გაუჭირდეს ძილი ან საქმეზე კონცენტრირება. ასევე მოსალოდნელია, გაძლიერდეს სხვებთან კონტაქტის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გადაადგილების შიშიც. ზოგს კი ფიზიკურად გამოხატული ისეთი სიმპტომებიც უვითარდება, როგორიცაა გულის ცემის გახშირება და საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის არევა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) დაადასტურა, რომ კრიზისი წარმოშობს სტრესს და ხალხს ურჩია, თავი აარიდონ ისეთი ახალი ამბების ყურებას, წაკითხვასა და მოსმენას, რომლებიც იწვევს შფოთვასა და ნერვიულობას.

"ჩვენ ვიცით, რომ კორონავირუსი და მისგან გამოწვეული მდგომარეობა ბევრ ადამიანში იწვევს სტრესსა და შფოთვას", — ამბობს მენტალურ ჯანმრთელობაზე მომუშავე საქველმოქმედო ორგანიზაციის, Mind-ის წარმომადგენელი, სტივენ ბარკლი, — "თუ თქვენ უკვე გაქვთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, შესაძლოა, რომ კორონავირუსზე დარდმა გავლენა იქონიოს იმაზე, თუ როგორ უმკლავდებით მას".

ექსპერტები ამბობენ, რომ შეიძლება, ადამიანებში სხვებთან კონტაქტისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნის შიში გაიზარდოს.

ფოტო: Dominic Lipinski / PA

კარანტინი ან თვითიზოლაციაც დიდი ალბათობით ნეგატიურად იმოქმედებს ადამიანების ფსიქიკურ კეთილდღეობაზე. თებერვალში სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც კარანტინის ფსიქოლოგიურ გავლენას მიმოიხილავს, ვკითხულობთ: "საყვარელი ადამიანებისგან განშორებამ, თავისუფლების დაკარგვამ, გაურკვევლობამ დაავადების ქონა-არქონასთან დაკავშირებით და მოწყენილობამ ზოგჯერ შეიძლება დრამატული შედეგები გამოიწვიოს. პანდემიათა წინა აფეთქებების დროს კარანტინის დაწესება თვითმკვლელობის შემთხვევის, ბრაზის მომძლავრებისა და სასამართლო საჩივრების საფუძველიც გამხდარა. ამიტომ სავალდებულო მასობრივი კარანტინის პოტენციური სარგებელი ყურადღებით უნდა შეეწონოს იმ ფსიქოლოგიურ საზღაურს, რომლის გადახდაც მისი დაწესების შედეგად შეიძლება მოგვიწიოს".

სტაფორდშირელი ფსიქოთერაპევტისა და კონსულტაციისა და ფსიქოთერაპიის ბრიტანული ასოციაციის წევრის, ქეთრინ კინმონდის თქმით, გაურკვევლობა შფოთვის მთავარი მამოძრავებელია. "კორონავირუსი იწვევს უამრავ გაურკვევლობას და ამას განსაკუთრებული ზემოქმედება იმ ადამიანებზე აქვს, რომლებიც შფოთვით იტანჯებიან", — ამბობს ის და ურთავს, რომ თერაპიის სესიების დროს მის პაციენტებში უკვე გარდაუვლად ვლინდება სულ უფრო მზარდი შეშფოთება კორონავირუსის მიმართ.

ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობაზე კონცენტრირებული ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის, OCD UK-ის წევრი, ეშლი ფულვუდი კი აცხადებს, რომ მოიმატა ორგანიზაციაში შემავალმა ზარებმა და მეილებმა OCD-ის მქონე ადამიანებისგან, რომლებსაც კორონავირუსის გამო ახალი აკვიატება უვითარდებათ.

ფულვუდისვე თქმით, OCD-ის მქონე ადამიანებს ვირუსის შეყრის საფრთხის გამო დასუფთავებისა და ხელების დაბანის დაუძლველი სურვილი უჩნდებათ. "ამ ადამიანებში ვამჩნევ, რომ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა გამძაფრებულია; ისინი იმაზე მეტად იცავენ უსაფრთხოების წესებს და იმაზე ხშირად იბანენ ხელებს, ვიდრე მთავრობისგანაა რეკომენდირებული. ზოგიერთის OCD კი იმდენად გამწვავებულია, რომ 20 წუთის განმავლობაში ან უფრო დიდხანსაც იბანს", — ამბობს ის.

სოციალური მედიით გავრცელებული ამბების კითხვა შფოთვის გამომწვევი შეიძლება გახდეს.

ფოტო: Tullio Puglia / Getty Images

ემილი ბურკს, 18 წლის სტუდენტს ჰარტფორდშირიდან, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა ოთხი წლის განმავლობაში ტანჯავდა. ის აღიარებს, რომ მედიის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებული ამბების ინტენსიურ გაშუქებასთან და სოციალური მედიის პოსტებთან გამკლავება უჭირს. "მე ამ მდგომარეობიდან თავის დასაღწევად ბევრი ვიმუშავე და ძველებური სიხშირით აღარ ვიბანდი ხელებს. ასე რომ, დღევანდელი სიტუაცია დაძლეული პრობლემების დაბრუნების რისკს ზრდის. თანაც, ვერ ავდგები და სოციალურ მედიას ვერ გამოვრთავ — ის ხომ ყველგანაა და ყველა გამუდმებით გეკითხება: ხელები დაიბანე?", — ამბობს ბურკი.

მენტალური ჯანმრთელობის ფონდის წარმომადგენლის, დევიდ კრეპაზ-კის თანახმად, კორონავირუსის პანდემიას პანიკის შეტევის გამოწვევაც შეუძლია. "ერთ-ერთი რამ, რასაც პანიკის შეტევებამდე მივყავართ, დაუსაბუთებელი მიზეზებით გამოწვეული გადამეტებული ღელვაა", — ამბობს ის — "ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ შფოთვამ იმაზე მეტი პრობლემა წარმოშვას, ვიდრე უშუალოდ კორონავირუსის გავრეცელება იწვევს".

33 წლის თამაშების დიზაინერს ლონდონიდან, ტომ კინიბურგს, პანიკის შეტევები მას შემდეგ დაეწყო, რაც ჩრდილოეთ იტალიასთან ახლოს, ვალ-დიზერის სათხილამურო კურორტიდან შინ ბრუნდებოდა და მოგზაურობაში მასთან ერთად მყოფმა ადამიანებმა თავი ცუდად იგრძნეს. "თავს მეც ცოტა შეუძლოდ ვგრძნობდი, შემდეგ კი ვნახე სტატიები და რეპორტაჟები ვირუსის გავრცელებასა და თვითიზოლაციის შესახებ და შიშის დიდი ტალღა მომაწვა", — იხსენებს ის, — "თითქოს ამ ტალღამ მაიძულა, ხველა დამეწყო, შემდეგ კი ის თითქოს ჩემს მუცელში დასახლდა, გული ამიჩქარა და ფაქტობრივად სუნთქვის უნარი მომისპო".

თავიდან კინიბურგი ეჭვობდა, რომ ვირუსი ჰქონდა, მაგრამ სიმპტომები მალევე გაქრა და მეგობარ ექიმთან საუბრის შემდეგ გააცნობიერა, რომ პანიკის შეტევები გადაიტანა. "ეს მდგომარეობა 30 წუთს გრძელდებოდა და მართლაც დამაუძლურებელი სიმპტომები — სუნთქვის უკმარისობა, კიდურების გაბუჟება და გარკვეული თვალსაზრისით მხედველობის დაკარგვაც კი ახასიათებდა".

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე ადამიანებისთვის ხელების ხშირად ბანის რეკომენდაცია აკვიატების გამომწვევი შეიძლება გახდეს.

ფოტო: Christine Sandu / Unsplash

გეიტსჰედში მცხოვრები სარა აღიარებს, რომ შფოთვის საწინააღმდეგო წამლების დოზა გაზარდა. "ზოგიერთი რამ, რასაც პოლიტიკოსები ამბობენ და რაც შემდეგ მედიაში ტრიალებს, მყისიერი შფოთვითი პასუხის გამომწვევია", — ამბობს ის.

Mind-ის თანამშრომელი, როზი ვითერლი აღნიშნავს, რომ მოძრაობის შეზღუდვისა და სამუშაო ადგილების დახურვის პირობებში ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. "უამრავი ადამიანი დამოკიდებულია თერაპევტთან ურთიერთობაზე, მაგრამ ზოგიერთს ამის გაკეთება ტელეფონით ან ინტერნეტით შეუძლია. მენტალური პრობლემის მქონე ადამიანებმა უნდა იზრუნონ, რომ მედიკამენტები თვითიზოლაციის ნებისმიერი პერიოდისთვის საკმარისად ჰქონდეთ", — ამბობს ის.

იმ ადამიანებს, რომლებსაც ჰიგიენასთან დაკავშირებული ქცევითი პრობლემები აქვთ, Mind ურჩევს, თავიდან აიცილონ ერთი და იმავე რეკომენდაციის განმეორებით წაკითხვა; თხოვონ სხვა ადამიანებს, არ შეახსენონ ხელების დაბანის შესახებ; დააწესონ დროითი ლიმიტი ხელების ბანისთვის; და გააკეთონ სუნთქვის სავარჯიშოები.