აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელმაც ბაქოს ციხე ორი დღის წინ დატოვა, ყვება, რომ მისი გატაცებისთვის ქართულ მხარეს სამი მილიონი დოლარი მისცეს. როგორ ჟურნალისტი აღნიშნავს, ამის შესახებ მას ბაქოში აზერბაიჯანელმა მაღალჩინოსანმა უთხრა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობს.

"იქამდე საქართველოში სამი წელი ვცხოვრობდი. მთელი ამ ხნის განმავლობაში აზერბაიჯანის სპეცსამსახურები ყოველდღე გვადევნებდნენ თვალს. ისინი ღიად მუშაობდნენ საქართველოში", — ამბობს ჟურნალისტის გადაცემა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში.

მუხთარლი დარწმუნებულია, რომ მის გატაცებაში საქართველოს სახელმწიფო უწყებები და მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართული. როგორც ის ყვება, თბილისში გატაცების დროს მას სამი ადამიანი დაესხა თავს, რომელთაც ქართული კრიმინალური პოლიციის ფორმები ეცვათ.

ჟურნალისტი იხსენებს, რომ აზერბაიჯანის საზღვარზე პასპორტის გარეშე გადაუშვეს:

"ეს დაუშვა სასაზღვრო პუნქტმა, სასაზღვრო პუნქტის ხელმძღვანელმა. ამის შესახებ იცოდა სასაზღვრო ჯარმა, სასაზღვრო სამსახურმა, უშიშროების სამსახურმა და საქართველოს რესპუბლიკის კრიმინალურმა სამსახურმა. ეს მაღალ დონეზე იყო შეთანხმებული, მინიმუმ გიორგი კვირიკაშვილმა იცოდა".

თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარებული ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა, ამბობს, რომ ის საქართველოს დედაქალაქიდან კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა პირებმა გაიტაცეს. აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, მუხთარლი საზღვრის უკანონო კვეთის გამო დააკავეს.

მუხთარლის დაკავებიდან რამდენიმე კვირაში, აზერბაიჯანის მმართველი გუნდის პარლამენტარმა ელმან ნასიროვმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თქვა, რომ მუხთარლის დაკავება აზერბაიჯან-საქართველოს სპეცსამსახურების წარმატებული ოპერაცია იყო. საქმეზე გამოძიება საქართველოში ამ დრომდე მიმდინარეობს.

ამავე თემაზე: