დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოდის ინიციატივით, კორონავირუსის გამო უმუშევრად დარჩენილი პირების ოჯახებს მთავრობამ კომუნალური გადასახედებისთვის ვაუჩერები გადასცეს.

დეპუტატ რომან გოცირიძის თქმით, ეს უნდა იყოს 100-ლარიანი ვაუჩერი, რომელიც მათ 4 თვის განმავლობაში გადაეცემათ და ჯამში ერთ ოჯახზე 400 ლარი დაიხარჯება. გოცირიძე ამბობს, რომ დაფინანსების წყარო სამივლინებო ხარჯები, მთავრობის სარეზერვო ფონდი და პრემია-დანამატების შემცირება უნდა იყოს. დეპუტატი აღნიშნავს, რომ პრემიები არ უნდა შეუმცირდეთ იმ პირებს, რომლებიც უშუალოდ ჩართულები არიან ვირუსთან ბრძოლაში - ექიმები, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და ა.შ.

"2020 წლის ბიუჯეტით სამივლინებო და წარმომადგენლობით ხარჯებზე გამოყოფილია 100 მილიონი ლარი. საერთაშორისო ვიზიტების გაურკვეველი ვადით გადადებით და წარმომადგენლობითი ხარჯების შემცირებით წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე, მხარდაჭერის პროგრამაზე შეიძლება მიიმართოს 60 მილიონი ლარი. ამასთანვე, 2020 წლის ბიუჯეტით მთავრობის სარეზერვო ფონდი განსაზღვრულია 50 მილიონი ლარის ოდენობით, საიდანაც 20 მილიონი ლარი უნდა მოხმარდეს აღნიშნულ მხარდაჭერის პროგრამას", - თქვა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რომან გოცირიძემ.

მისი თქმით, დახმარების პაკეტისათვის საჭირო თანხა 25 მილიონი ლარია, რომელიც უნდა გადანაწილდეს 60 ათას ოჯახზე.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ თანხა უნდა გადაირიცხოს ცენტრალური ბიუჯეტიდან ადგილობრივ ბიუჯეტებში უნდა გადაირიცხოს. უმუშევრად დარჩენილთა რაოდენობის დადგენა და მხარდაჭერის პროგრამის ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ.