ოთხფეხა არსებების უმეტესობას თითოეული კიდურის ბოლოს ხუთი თითი გვაქვს. პალეონტოლოგებმა კი ახლახან ამ ბიოლოგიური თვისების უძველესი ნიმუში 380 მილიონი წლის წინ მცხოვრები თევზის ფარფლში იპოვეს.

ნაპოვნი ნიმუშები ხერხემლიანების ევოლუციის პროცესში მნიშვნელოვან გარდამავალ რგოლს წარმოადგენს.

"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ფარფლში არსებული თითები აღმოვაჩინეთ. თითები ისეთებია, როგორიც სხვა ცხოველების კიდურებზეა ნაპოვნი", — თქვა ავსტრალიის ფლინდერსის უნივერსიტეტის პალეონტოლოგმა ჯონ ლონგმა.

ევოლუციურ ისტორიაში წყლის ორგანიზმიდან ოთხფეხა არსების მიღება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. თუმცა ჩვენი ცოდნა ამ საკითხის გარშემო სრულყოფილი არაა. მაგალითად, არ ვიცით რომელი სახეობა ამოვიდა ოკეანის სიღრმეებიდან საკვების მოსაპოვებლად წყლის ზედაპირზე — აღნიშნული მოვლენა კი ცოცხალი არსებების მიწაზე გადმოსვლის პროცესში გარდამავალ ნაბიჯად განიხილება.

ფოტო: Cloutier et al., Nature, 2020

მიწაზე გადმოსასვლელად ცხოველებს კიდურები სჭირდებოდათ. აღნიშნული ეგზემპლარი კი, რომელსაც Elpistostege watsoni უწოდეს, სწორედ ამ დროს ჩნდება. იგი ოთხფეხა თევზების ტიპისაა და მისი გამოყენება ოთხფეხა ცხოველების განვითარების უკეთ შესასწავლად მნიშვნელოვანია. თუმცა, განამარხებული ნიმუში საკმაოდ მწირია და ის გულ-მკერდის ფარფლების არასრული ძვლოვანი ანატომიისგან შედგება.

პალეონტოლოგების გუნდი ძვლებს გარკვეული დროის განმავლობაში სწავლობდა, რათა ამ დამაინტრიგებელი ცხოველის შესახებ ბევრად მეტი რამ გაეგოთ. მათი კვლევა პირველია, რომელიც აღწერს თუ როგორ გამოიყენეს კომპიუტერული ტომოგრაფია ფარფლების ძვლოვანი ანატომიის შესასწავლად.

"ჩვენ თითების ძვლებზე ვკონცენტრირდით, რადგან ეს საოცარი აღმოჩენა იყო — თითებიანი თევზის პირველი დამამტკიცებელი ნიმუში", — განამცადა გუნდის ერთ-ერთმა მკვლევარმა ლონგმა.

"როდესაც ფარფლების ნიმუში ხმელეთის ცხოველთა მკლავებისა და ხელების ძვლებს შევადარეთ, მივხვდით, რომ პატარა თითების ძვლები მიწაზე მცხოვრებლების ხელების ფალანგების მსგავსია", — დასძინა მან.

თუმცა, ძვლები ზუსტად თითები არ ყოფილა, ისინი ფარფლში იყო "ჩაკეცილი" და მათ თავისუფლად მოძრაობა არ შეეძლოთ.

"თითების წარმომავლობა წყლის ზედაპირსა ან მიზაწე მოკლე მოგზაურობებისას თევზის წონასწორობის გაკონტროლების უნართან არის დაკავშირებული.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.