საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. ოფიციალურად, კარანტინის რეჟიმში რჩება 1 344 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 216 პირია მოთავსებული. დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთი, N1 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 40 შემთხვევიდან, 31 თბილისის ინფექციურშია. მისივე თქმით, სამ პაციენტს "რისკის შემცველი გარემოებები აქვთ".

"ერთ-ერთი ასეთი რისკია პაციენტის ასაკი, იგი 80 წელზე მეტისაა და თანხლებით აქვს მძიმე ნევროლოგიური დაავადება", — ამბობს ეზუგბაია.

ეპიდსიტუაცია საქართველოში: შეზღუდვები და რეკომენდაციები

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლდება, თუმცა, შესაძლოა, მომდევნო კვირას ინფექციის პირველწყარო ვეღარ დაადგინონ. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, დაავადებულთა რაოდენობა 80-100-მდე გაიზარდოს და პიკური მომენტი დადგეს. ინფიცირების რისკის ზრდის შემთხვევაში, მთავრობა შეზღუდვების გამკაცრებას გეგმავს და კარანტინის გამოცხადებას არ გამორიცხავს.

რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული, მათ შორის, კაფე-ბარებსა და რესტორნებს. აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება. ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.

შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც, პარლამენტში მათ მხოლოდ კონკრეტული ლოკაციებიდან მუშაობის უფლება აქვთ, მთავრობის ბრიფინგებზე კი მათი დაშვება აიკრძალა. მედიები ბრიფინგის საერთო სიგნალს მიიღებენ და კითხვებს წინასწარ გაგზავნიან.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს და დარღვევის შემთხვევაში ისინი იძულებით კარანტინში გადაჰყავს. ამ ეტაპზე იძულებით კარანტინშია გადაყვანილი 99 ადამიანი. პარლამენტი განიხილავს, რომ თვითიზოლაციის წესების დარღვევა დასჯადი გახდეს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: