ონლაინ გამოცემა Intercept-ის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, ცნობილი აპლიკაცია TikTok თავის თანამშრომლებს, რომელთაც მათ ქსელში განთავსებული ვიდეოების კონტროლი ევალებოდათ, აიძულებდა, რომ მეტისმეტად "უშნო, ღარიბი ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე" მომხმარებლების ვიდეოები მაქსიმალურად შეეზღუდათ.

დოკუმენტებში დეტალურადაა ახსნილი, თუ როგორ უნდა შეერჩიათ მოდერატორებს აპლიკაციის განყოფილება "შენთვის" (For You) განსათავსებელი მასალა. აპლიკაციაში შესვლისას თითოეულ მომხმარებელს სწორედ ამ განყოფილებაში შეუძლია ძირითადად სხვადასხვა მომხმარებლის მიერ ატვირთული ვიდეოების ნახვა. აქამდე ამ "შემთხვევითი" ვიდეოების შერჩევის ალგორითმი ყოველთვის იდუმალებით იყო მოცული.

ახლახან გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, მოდერატორებს ზუსტად ჰქონდათ განსაზღვრული, თუ რა სახის ვიდეოები უნდა წაეშალათ, რათა ისინი მომხმარებლებს თვალში არ მოხვედროდათ. მასალებში ვკითხულობთ: მომხმარებლები, რომლებსაც აქვთ "ნორმიდან გადახრილი სხეულის ზომა (ჯუჯობიდან აკრომეგალიამდე)", ვინც არის "მსუქანი ან მეტისმეტად გამხდარი", ან ვისაც "უშნო სახის ნაკვთები ან დეფორმაციები აქვს", უნდა წაიშალოს. ერთ-ერთ დოკუმენტში ასევე წერია, რომ "თუ ატვირთულ ვიდეოში ადამიანის გარეგნობა სასიამოვნო არ არის, ვიდეოც ნაკლებად მიმზიდველი იქნება და მისი ნახვა ახალ მომხმარებლებს არ უნდა ვურჩიოთ".

გამოქვეყნებული მასალები ასევე ცხადყოფს, რომ მოდერატორებს უნდა წაეშალათ ის ვიდეოებიც, რომლებიც გადაღებულია "ღარიბულ და დანგრეულ გარემოში", რადგან "მსგავსი გარემო ნაკლებად მიმზიდველია".

TikTok-მა 2019 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ გარკვეულ ვიდეოებს შლიდა, რათა მომხმარებლები ბულინგის მსხვერპლები არ გამხდარყვნენ. ახლახანს გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ვიდეოების შეზღუდვის მიზნებში "ბილინგის თავიდან არიდება" ნახსენები არ არის.

სხვა მასალები ასევე ცხადყოფს, რომ TikTok ხშირად ითვალისწინებდა ჩინეთის საგარეო ურთიერთობების პოლიტიკას, რომელიც ზღუდავს ისეთ "კონტროვერსულ" ვიდეოებს, რომლებშიც, მაგალითად, ტაივანის დამოუკიდებლობის მოთხოვნაა გაჟღერებული.

"Intercept-ის მიერ გამოქვეყნებული გაიდლაინების უმეტესობა მოძველებულია ან მათ ნაწილს საერთოდ არ ვიყენებდით, თუმცა მართალია ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვზღუდავდით სექსუალიზირებული ელემენტების შემცველ ლაივ ვიდეოებს", — განაცხადა TikTok-მა.

TikTok, რომელსაც ჩინური კომპანია Bytedance ფლობს, ბოლო ერთი წელია ცდილობს, რომ უფრო ნაკლები კავშირი ჰქონდეს ჩინეთთან, თუმცა მისი თანამშრომლების, მათ შორის მოდერატორების უმეტესობა კვლავ ჩინეთში ცხოვრობს.