ევროკავშირის დოკუმენტში, რომელიც Reuters-მა მოიპოვა, ნათქვამია, რომ რუსეთი კორონავირუსზე "დეზინფორმაციის კამპანიას აწარმოებს" და თესავს პანიკასა და უნდობლობას დასავლეთის მიმართ.

გამოცემის ცნობით, ყალბი ამბები ვრცელდება ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ და ფრანგულ ენებზე. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის დოკუმენტის თანახმად, რუსული კამპანია ურთიერთსაწინააღმდეგო, დამაბნეველ და მავნებლურ რეპორტებს იყენებს, რათა ევროკავშირს პანდემიის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯებისას კოორდინირება გაურთულოს.

ევროკავშირის სპეციალისტმა 22 იანვრიდან დღემდე კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის 80-მდე შემთხვევა აღწერა. Financial Times ამავე დოკუმენტზე დაყრდნობით წერს, რომ პრორუსული მასალების თანახმად, კორონავირუსი "ადამიანის შექმნილია, რომელსაც დასავლეთი იარაღად იყენებს".

"მესიჯები, რომელიც იტალიას უკავშირდება, მიზნად ისახავს შიშების გაღრმავებას, რომ ეროვნულ ხელისუფლებას პანდემიასთან გამკლავების უნარი არ აქვს. ესპანურ ენაზე კი "აპოკალიპტური შინაარსის" მასალებია, სადაც კაპიტალისტებს ბრალს სდებენ ვირუსისგან მოგების მიღებაში. ასევე, ხაზგასმულია, თუ როგორ კარგად უმკლავდება რუსეთი და ვლადიმერ პუტინი ვირუსის გავრცელებას", — წერს Financial Times.

კრემლმა ევროკავშირის ბრალდებები უარყო. მათი განცხადებით, ეს ყველაფერი საღ აზრს მოკლებულია.

"საუბარია რამდენიმე უსაფუძლო ბრალდებაზე, რაც ანტი რუსული აკვიატების შედეგია", — ამბობს კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის დოკუმენტის თანახმად, კრემლის დეზინფორმაციის მთავარი მიზანია დასავლეთის ქვეყნების საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისის გამწვავება.

Reuters წერს, რომ ევროპის საგარეო საქმეთა სამსახური, რომელმაც მოამზადა ეს ანგარიში, ოფიციალურ განცხადებას არ ავრცელებს. მათმა პრესსპიკერმა თქვა, რომ უკვე დაუკავშირდნენ Google-ს, Facebook-ს, Twitter-სა და Microsoft-ს, რათა კორონავირუსზე დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ იმსჯელონ.