უახლესი მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა. შესაბამისად, სახელმწიფო უწყებები, ჯანდაცვის ორგანიზაციები თუ რიგითი ადამიანები ყველას მუდმივად უსაფრთხოების ზომების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებენ.

მათ შორის გამონაკლისები არც პოპვარსკვლავები არიან, რომელთაც მილიონობით გულშემატკივარი ჰყავთ. მაგალითად, ახალგაზრდა მომღერალმა, ბილი აილიშმა თავის ინსტაგრამზე, სადაც 57 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, 5-წუთიანი მიმართვა გაავრცელა:

"ვხედავ, რომ მსოფლიოს ყველა კუთხეში ბევრი ახალგაზრდა კვლავ დადის კლუბებში, სანაპიროებზე სეირნობს ან უბრალოდ მეგობრებთან ერთად ერთობა, რაც ძალიან დიდი უპასუხისმგებლობაა. გთხოვთ, ამ მძიმე დროს თქვენი წილი პასუხისმგებლობა გამოიჩინეთ", — აფრთხილებს მომღერალი თავის მსმენელებს.

თავის გულშემატკივრებს იმავესკენ მოუწოდა კიდევ ერთმა ცნობილმა მომღერალმა, ტეილორ სვიფტმა ინსტაგრამის პირად გვერდზე, სადაც 128 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს:

"ძალიან მიყვარხართ და ამიტომ უნდა გამოვხატო ჩემი შეშფოთება იმის შესახებ, რომ რაღაცებს საკმარისად სერიოზულად არ აღიქვამთ. ვხედავ, რომ ბევრი თქვენგანი კვლავ ერთად ერთობა წვეულებებზე. არადა ახლა ის დროა, როცა ყველა გეგმა უნდა გააუქმოთ. ნუ იქნებით უდარდელად მხოლოდ იმის გამო, რომ საფრთხე მხოლოდ მოხუცებს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს ემუქრებათ ან თავს ავადმყოფობის ნიშნებს ვერ ატყობთ".

უფრო მეტი ყურადღებისკენ მოუწოდა პოპულარულმა ამერიკელმა მომღერალმა, არიანა გრანდემ თავის ფანებს ტვიტერის საშუალებით, სადაც 72 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს:

"ძალიან ბევრი ადამიანისგან მესმის, რომ ეს "სულაც არ არის დიდი პრობლემა", რაც წარმოუდგენელი ეგოისტობა და დანაშაულია ამ სიტუაციაში. დამოკიდებულება, რომ "კარგად ვიქნებით, რადგან ახალგაზრდები ვართ" საფრთხეში აგდებს ყველა იმ ადამიანს, ვინც მოხუცია ან ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ეს ძალიან სულელური, პრივილეგირებული დამოკიდებულებაა და უფრო მეტად უნდა ზრუნავდეთ სხვებზე".

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 8 250-ს მიაღწია, რის გამოც ყველა ცდილობს კიდევ უფრო გაამკაცროს უსაფრთხოების ზომები.

მაშინ, როცა მრავალი ცნობილი მომღერლის მასშტაბური კონცერტი ამის გამო ჩაიშალა, მათი ნაწილი სხვადასხვაგვარად ამხნევებს მსმენელს. მაგალითად, ცნობილი მომღერლები, ჯონ ლეჯენდი და კრის მარტინი კონცერტებს ინსტაგრამზე გამართავენ.