გორის სასამართლომ არასრულწლოვან შვილზე ძალადობისა და ცოლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის პირს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა განუსაზღვრა. მოსამართლემ ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ბრალდების მხარის ცნობით, მსჯავრდებული წარსულში ოჯახში ძალადობისთვისაა ნასამართლევი.

პროკურატურის მტკიცებით, 2019 წლის დეკემბერში ბრალდებულმა არასრულწლოვანი შვილის მიმართ ფიზიკურად იძალადა, რასაც მისი მეორე არასრულწლოვანი შვილიც ესწრებოდა. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ 2020 წლის 13 იანვარს, იგი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ცოლს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2020 წლის 14 იანვარს გორში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126¹ მუხლის მეორე ნაწილის "ა", "ბ" და "ე" ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის) და 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა) წარედგინა.