დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობა ბიზნესს მიმართავს, შვიდ პროდუქტზე ფასები არ გაიზარდოს.

შესაბამის მექანიზმზე მოლაპარაკებები ბიზნესმენებთან სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა აწარმოოს. მინისტრის ინფორმაციით, საუბარი შეეხება იმ სურსათს, რომელზეც მოთხოვნა ყველაზე მეტად გაიზარდა. ესენია:

  • ბრინჯი;
  • მაკარონი;
  • მზესუმზირის ზეთი;
  • ფქვილი;
  • შაქარი;
  • ხორბალი;
  • რძის ფხვნილი და მისგან წარმოებული პროდუქტები.

"ეს არის ის ძირითადი პროდუქტები, რომლებზეც ფასების მერყეობა მოსახლეობისთვის არის ძალიან მგრძნობიარე. ამიტომ, მოვახერხებთ ქმედითი მექანიზმით ამ ფასის მერყეობის დაზღვევას", - თქვა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ბიზნესმენებთან შეხვედრები დღეს გაიმართება და შესაბამის მექანიზმზე შეჯერდებიან, რომელსაც შემდეგ მთავრობა დაამტკიცებს. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ბიზნესის ინტერესებიც უნდა იყოს დაცული, რადგან "გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილური ბიზნესი გვჭირდება".

"ეს მექანიზმი გულისხმობს საკურსო ფლუქტუაციის დაზღვევას, მაგრამ იმ პირობებით, რომ ფასების სტაბილურობას შეინარჩუნებენ ბიზნესები", - ამბობს სოფლის მეურნეობის მინისტრი.

ეპიდსიტუაცია საქართველოში: შეზღუდვები და რეკომენდაციები

18 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 38 ადამიანს, მათ შორის 4 ბავშვია. ამასთან, დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთი, N1 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა და ის საავადმყოფოდან 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაწერეს. კარანტინის რეჟიმში რჩება 1 261 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურებოსი ქვეშ — 216.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლიდებადია, თუმცა, შესაძლოა, მომდევნო კვირას ინფექციის პირველწყარო ვეღარ დაადგინონ. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, დაავადებულთა რაოდენობა 80-100-მდე გაიზარდოს და პიკური მომდენტი დადგეს. ინფიცირების რისკის ზრდის შემთხვევაში, მთავრობა შეზღუდვების გამკაცრებას გეგმავს და კარანტინის გამოცხადებას არ გამორიცხავს.

რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული, მათ შორის, კაფე-ბარებსა და რესტორნებს. აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება. ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.

შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც, პარლამენტში მათ მხოლოდ კონკრეტული ლოკაციებიდან მუშაობის უფლება აქვთ, მთავრობის ბრიფინგებზე კი მათი დაშვება აიკრძალა. მედიები ბრიფინგის საერთო სიგნალს მიიღებენ და კითხვებს წინასწარ გაგზავნიან.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს და დარღვევის შემთხვევაში ისინი იძულებით კარანტინში გადაყავს. ამ ეტაპზე იძულებით კარანტინშია გადაყვანილი 99 ადამიანი. პარლაენტი განიხილავს, რომ თვითიზოლაციის წესების დარღვევა დასჯადი გახდეს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: