დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

18 მარტს საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში ინფიცირებულების რაოდენობა კი 38-ია. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მარინა ეზუგბაია ავრცელებს.

"ამ ეტაპზე ინფექციურ საავდმყოფოში 30 პაციენტი წევს. ჩვენთან მყოფი პაციენტების ისტორია ასეთია, ეს არის ერთ-ერთი ჩვენთან დადასტურებული პაციენტის კონტაქტები. ინფიცირების წყარო დადგენილია", — თქვა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავდმყოფოში ახალი პაციენტებიდან მხოლოდ 2 წევს, მათ კორონავირუსი გუშინ, 17 მარტს, დღის მეორე ნახევარში დაუდასტურდათ. ეზუგბაიას განცხადებით, მისთვის უცნობია რომელ საავადმყოფოშია კიდევ 2 ინფიცირებული პაციენტი.

განახლება: ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ორი ინფიცირებული პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.

მარინა ეზუგბაიას თქმით, 38 ინფიცირებულს შორის 4 ბავშვია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

17 მარტს მთავრობამ კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციებიც გაავრცელა. პრემიერმა კი ხაზი გაუსვა, რომ მათი შესრულება სავალდებულოა.

გაიგეთ მეტი ახალ რეკომენდაციებზე:

პანდემია და რეკომენდაციები

18 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დაფიქსირებული. ერთ ახალ შემთხვევაზე დღეს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

38-დან ერთი, პირველი პაციენტი, რომელიც ირანიდან შემოვიდა გამოჯანმრთელდა და გუშინ საავადმყოფოდან გაწერეს. კარანტინში რჩება 1130 ადამიანი, სტაციონარში — 81.

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა, საქართველოს მთავრობა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და შეზღუდვები და რეკომენდაციები გაავრცელა. ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული ისევე, როგორც კაფე-ბარებსა და რესტორნებს. ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს და დარღვევის შემთხვევაში ისინი იძულებით კარანტინში გადაყავს. ასევე, შეიქმნება სპეციალური მექანიზმი, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულებას შეამოწმებს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: