პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, კორონავირუსის გამო შეიძლება, კიდევ დამატებითი შეზღუდვები დაწესდეს, მათ შორის, ტრანსპორტის ნაწილში. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა ღამის კურიერში განაცხადა.

"შესაძლებელია მოგვიწიოს და ალბათ კიდევ მოგვიწევს უფრო მკაცრი შეზღუდვები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მაგალითად, ისეთ ადგილებში როგორებიცაა მაღაზიები, მსხვილი სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები და ა.შ. ჩვენი ამოცანა მარტივია ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შიდა გადაცემის სიჩქარე შევამციროთ".

პრემიერის თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა კარანტინის რეჟიმში გადადის, თუმცა შეიძლება, ასეთი გამოწვევის წინაშეც დადგეს ქვეყანა:

"ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჯანდაცვის სისტემას უნდა შევუწყოთ ხელი, რომ მათზე ზეწოლა და მიმართვიანობა არ იყოს პიკური, არამედ, იყოს პლატოსებური. მოგეხსენებათ, რომ ეს არის ის ხარისხობრივი ცვლილება მენეჯმენტში, რაც უნდა მოხდეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა კარანტინის რეჟიმში გადადის, თუმცა შეიძლება ასეთი გამოწვევის წინაშეც დავდგეთ, ისევე როგორც შეიძლება დავდგეთ ისეთი გამოწვევის წინაშეც, როგორიცაა საგანგებო მდგომარეობა".

17 მარტს მთავრობამ ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციებიც გაავრცელა. პრემიერმა კი ხაზი გაუსვა, რომ მათი შესრულება სავალდებულოა.

გაიგეთ მეტი ახალ რეკომენდაციებზე:

პანდემია და რეკომენდაციები

17 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 შემთხვევაა დაფიქსირებული. ერთ ახალ შემთხვევაზე დღეს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

34-დან ერთი, პირველი პაციენტი, რომელიც ირანიდან შემოვიდა გამოჯანმრთელდა და გუშინ საავადმყოფოდან გაწერეს. კარანტინში რჩება 1008 ადამიანი, სტაციონარში — 64.

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა, საქართველოს მთავრობა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და შეზღუდვები და რეკომენდაციები გაავრცელა. ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული ისევე, როგორც კაფე-ბარებსა და რესტორნებს. ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს და დარღვევის შემთხვევაში ისინი იძულებით კარანტინში გადაყავს. ასევე, შეიქმნება სპეციალური მექანიზმი, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულებას შეამოწმებს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: