საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საკარანტინო წესის დარღვევა ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი გახდება. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი:

"კარანტინის წესების დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და დამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 3 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის ჯარიმა 15 ათასი ლარია. იმ შემთხვევაში, თუ ქმედება განმეორდება, დამრღვევ პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხიმგებლობა, სასჯელი სახით გათვალისწინებულია შინაპატიმრობა ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით".

კანონპროექტის თანახმად, კარანტინის წესს საქართველოს მთავრობა ინიციატივის მიღებიდან სამი დღის ვადაში დაამტკიცებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით 71 ადამიანია გადაყვანილი.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 34 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან ერთი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაწერეს. ის, ექიმების რეკომენდაციით, 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება.

პანდემია და რეკომენდაციები

17 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 შემთხვევაა დაფიქსირებული. ერთ ახალ შემთხვევაზე დღეს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

34-დან ერთი, პირველი პაციენტი, რომელიც ირანიდან შემოვიდა გამოჯანმრთელდა და გუშინ საავადმყოფოდან გაწერეს. კარანტინში რჩება 1008 ადამიანი, სტაციონარში — 64.

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა, საქართველოს მთავრობა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და შეზღუდვები და რეკომენდაციები გაავრცელა. ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული ისევე, როგორც კაფე-ბარებსა და რესტორნებს. ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს და დარღვევის შემთხვევაში ისინი იძულებით კარანტინში გადაყავს. ასევე, შეიქმნება სპეციალური მექანიზმი, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულებას შეამოწმებს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: