ვერ მოგატყუებთ, დილას იმავე დროს არ გამიღვიძია, როგორც სამსახურში წასვლისას. სამუშაო საათების დაწყებამდე 5 წუთით ადრე გავიღვიძე და ჯერ კიდევ ბოლომდე არ მქონდა გახელილი თვალები, როცა აბაზანაში შევვარდი. თავი გამოვიფხიზლე და ლეპტოპი საწოლში ჩავიგდე. წინა საღამოს შეთანხმება გვქონდა, რომ ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ვიმუშავებდით და ერთადერთი აზრი მაწუხებდა: მომიწევს საწოლიდან ადგომა და "ადამიანის" გამომეტყველების მიღება?

სანამ ვიდეოკონფერენციას ჩავრთავდით, ნიუსების ღმერთმა მოწყენის დრო არ მოგვცა და თავიდან ფეხებამდე საქმეში ჩავერთეთ. ამ დროს კომუნიკაციას მესენჯერით ვინარჩუნებდით. პირველი "სიჩუმის" ჟამს მივხვდით, რომ მესიჯების კითხვა მოგვბეზრდა და კითხვაც გაჩნდა:

თმის დავარცხნა მოგვიწია, მაგრამ კომფორტულ ჰუდებსა და ხალათებზე უარი არ გვითქვამს და ასე შინაურულად, სახლის ჩუსტებით შევცვივდით "სამსახურში", ანუ ვიდეოჩატში.

აქ მნიშვნელოვანი გადახვევა გვექნება და ყურადღება მოიკრიფეთ!

როგორც იცით, სიახლე გვაქვს და ახალი მთავარი რედაქტორი გვყავს, რომელსაც პირველი სამუშაო დღე დისტანციურ რეჟიმში მოუწია. თითქოს ეს საკმარისი "განსაცდელი" არ იყო, ყველაფერი იმან "გაართულა", რომ დაბადების დღე ჰქონდა. მასზე მეტად ჩვენ გვეტკინა გული, რომ ოფისში გემრიელი ტორტის ჭამის შანსი დავკარგეთ. განწყობის შესანარჩუნებლად, თვითიზოლაციის პირობებში, მოვიძიეთ სანთლები, სანთებელები და გადავწყვიტეთ გვემღერა. ბოლოს და ბოლოს, ხელების დაბანისას Happy Birthday-ს შესრულების დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა. კეთილი სურვილები გავცვალეთ და პირობა დავდეთ, რომ გემრიელ ტორტს ოფისში დაბრუნებისთანავე შევჭამთ.

News.On.ge-ს რედაქცია

News.On.ge-ს რედაქცია

ფოტო: კადრი ვიდეოდან

რაკი ჭამა ვახსენეთ, დისტანციურად მუშაობის მთავარი მინუსიც უნდა დავასახელოთ — კვების რეჟიმის დარღვევა. აღმოჩნდა, რომ სამსახურში უფრო მარტივია დროის კონტროლი და სადილზე გასვლა. სახლში კი, სადაც სამზარეულო გვერდით ან იმავე ოთახშია, ამის საშუალება ნაკლებად გაქვს. ამ საკითხის დარეგულირებაზე ჯერ კიდევ ვმუშაობთ, მაგრამ დღევანდელი დღის "პრობლემურობა" რომ აღიქვათ, ჩვენი ჩატიდან რამდენიმე შეტყობინებას გაგიზიარებთ.

ნიუსების წერისა და ჭამაზე წუწუნის პარალელურად, ისიც მოვასწარით, რომ ჩატში ერთმანეთისთვის სამუშაო გარემო და სახლის ლუქი "შეგვეხარბებინა". აღმოჩნდა, რომ საკმაოდ მრავალფეროვანი გარემო გვქონდა.

ყველას პასუხი მარტივად მივიღეთ, მაგრამ ჩვენი "ჰიპერაქტიური" თანამშრომელი დავითი, ჩვენთვის ვუ, პასუხს აგვიანებდა. ცოტაოდენი ჯუჯღუნის შემდეგ, პატივი დაგვდო, მოგვწერა და ფოტოც გაგვიზიარა:

"დილით ავდექი და საერთაშორისო რჩევების მიხედვით, ისე გამოვეწყვე, როგორც სამსახურში ჩავიცვამდი".

აღმოჩნდა, რომ გვეხუმრა და ძველი ფოტო გვაჩვენა, მაგრამ არც ამჟამად იყო დიდად განსხვავებული სიტუაცია.

როგორც მოსალოდნელი იყო, დისტანციური სამუშაო რეჟიმი ნამდვილი სამოთხე აღმოჩნდა ინტროვერტი თანამშრომლებისთვის. კითხვაზე, როგორ მოეწონა სახლიდან მუშაობა, თემუკამ მარტივად და გულახდილად გვიპასუხა:

"ძალიან ბედნიერად და მშვიდად ვარ, ჩემთვის. განსაკუთრებული არაფერი გადამხდომია თავს".

სხვებს კი, ვინც სახლიდან მუშაობას რთულად ეგუება, თემუკამ ურჩია, იპოვონ მყუდრო ადგილი, კომფორტულად მოკალათდნენ და არ დაუჯერონ რეკომენდაციებს იმაზე, რომ მეტი მობილიზებისთვის სახლში სამსახურის მსგავსი პირობების შექმნაა საჭირო.

"პირველი დღის გამოცდილებით საწოლიდანაც მშვენივრად ვიმუშავე" — თქვა და ფისოსთან ერთად გადაღებული "სამუშაო მაგიდის" ფოტო გაგვიზიარა.

ფოტო: თემუკა ზოიძე

სახლიდან მუშაობაში განსაკუთრებული ხიბლი სწორედ იმ თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, ვინც კატებს, თევზებს ან ყვავილებს უვლის. მაგალითად, ნათიამ მუშაობა თევზების გამოკვებას შეუთავსა.

წინა ღამის მორიგეობის შემდეგ, ნათიას სამუშაო დღე გვიან უნდა დაწყებულიყო, თუმცა ჩატში ატეხილმა აჟიოტაჟმა და ნოტიფიკაციებმა ამის საშუალება არ მისცა, რაც მოურიდებლად მოგვახალა კიდეც.

"ჩემი დღე დილით უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე უნდა დაწყებულიყო. დილიდან რედაქტორისთვის დაბადების დღის დისტანციურად მისალოცად "წამოვხტი". მერე იმდენი ამბავი მოხდა, რომ საჭმლის მომზადება ვერც მოვასწარი და ჭამა არც გამხსენებია. ჰოო, კიდე მთელი დღეა სპეციალურად ვზივარ მაგიდასთან და დივანზეც კი არ დავმჯდარვარ".

ფოტო: ნათია ცქიფურიშვილი

ნათიასგან განსხვავებით, დილით გამოძინება მოახერხა სალომემ. მან ერთ საათზე მეტი დრო დაზოგა, რომელსაც გზაში ხარჯავდა. სახლში მარტო არ ყოფილა, დისტანციურად მუშაობდა დედამისიც, რომელიც ონლაინ გაკვეთილების დაწყებამდე მოსწავლეებს ეკითხებოდა, დაბანილი ჰქონდათ თუ არ ხელები.

სახალისო დეტალების გაზიარებასთან ერთად, სალომემ დისტანციური რეჟიმის მინუსებიც გაგვიმხილა. ჯერ იმას განიცდიდა, რომ სახლში იგივე ყავა არ ჰქონდა, რასაც სამსახურში ამოსვლამდე ყიდულობდა; მერე ისიც გაგვიმხილა, რომ დამღლელი დღის შემდეგ ჩვენთან აივანზე საუბარი მოენატრა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მთავარ დისკომფორტს სულ სხვა რამე უქმნიდა:

"ადამიანისთვის, რომლებსაც დარეკვა საკუთარ მშობლებთანაც კი არ უყვარს, უსიამოვნოა მთელი დღე ვიდეოზარით ლაპარაკი, მაგრამ უკეთესი გზა არ ვიცი და ხმას არ ვიღებ".

ფოტო: სალომე ჩიკვილაძე

სალომე ყვავილების მოყვარულია და ეს ფაქტი დისტანციური მუშაობისას ერთდროულად ამხიარულებდა და ასევდიანებდა. მაგალითად, დრო დარჩა იმისთვის, რომ "სახლის ყვავილებთან პირველ თოვლზე ესაუბრა", მაგრამ ოფისში დარჩენილი ყვავილებიც ადარდებდა.

თამარას, რომელიც On.ge-ის დაარსების დღიდან კომპანიის მთავარი მემატიანეა, დისტანციურად მუშაობა არ მოეწონა. რა გასაკვირია და სამსახურის აურა და ხალხი დააკლდა. ისეთივე იდეალური გარემო, როგორიც სამსახურში აქვს, სახლში ვერ მოიწყო და არც ის ფაქტი მოეწონა, რომ სახლი სამუშაო სივრცედ უნდა მიეღო.

"ახლა ისეთი პერიოდია, ურთიერთობების დანაკლისს საღამოსაც ვერ აინაზღაურებ და მეგობრებთან ერთად გასართობად ვერ წახვალ. თან სამსახურიდან სახლში მილასლასების, მშვიდ სივრცეში გადასვლის შეგრძნებაც დარღვეულია და სახლის მყუდრო გარემო სამუშაო სივრცედაა გადაკეთებული".

ფოტო: თამარა ღამბაშიძე

თუმცა, გულახდილი საუბრისას გაამხილა, რომ სახლში მუშაობისას ყველაზე მეტად დააკლდა თანამშრომლებთან კამათი იმაზე, თუ ვინ ჩავიდოდა საჭმლისთვის მაღაზიაში და რაც მთავარია, ხმამაღალი ხარხარი, რომელიც ხანდახან ნერვებსაც კი უშლის, მაგრამ "შეჩვეულია და რა ქნას".

ჩემ მსგავსად, სახლში მუშაობით კმაყოფილი დარჩა გვანცა, რომელმაც ბედნიერმა გვახარა: "საათნახევრის ძილი მოვიგე და 8-ის ნაცვლად 9:30-ზე ავდექი".

სანამ გარეთ თოვლი, წვიმა და ქარი ერთმანეთში ირეოდა, გვანცა კომფორტულად იჯდა, ყავას იდუღებდა და კმაყოფილებას ვერ მალავდა იმის გამო, რომ ამ უამინდობისას სახლიდან მუშაობდა, სანამ....

"ნაშუადღევს დიღმიდან სამების ტაძარში გადამსვეს, ქუჩების კურთხევის რიტუალის გადასაღებად. ტანსაცმელი ფენა-ფენად ჩავიცვი და გადაღებაზე გავიქეცი. 2 საათში ცენტრალური ქუჩების კურთხევა გადავიღე და უკან, სახლში, ონლაინ-ოფისში დავბრუნდი".

თუმცა, გაყინულ გვანცას მაინც ყველაზე მეტად გაუმართლა. სანამ ჩვენ საჭმლის გაკეთებაზე ვწუწუნებდით, გვანცას ფოტოებში იმის ყურება გვიწევდა, როგორ უმზადებდნენ სადილს, მუშაობის პარალელურად.

ფოტო: გვანცა ნემსაძე

იზოლაციაში მუშაობა მოუწია ანასაც, ოღონდ ჩვენგან განსხვავებით, ის სახლიდან შორს, ოფისში, მარტო იყო.

"იმის გამო, რომ სახლში რემონტი მაქვს და ამჟამად გადასული ვარ ძალიან პატარა სივრცეში, ფიზიკურად არ მაქვს მშვიდად მუშაობის საშუალება. ამის გამო, ისევ ოფისში მომიწია მოსვლა. თუმცაღა, სამუშაო სივრცის შეცვლა გადავწყვიტე და საერთოდ სხვა ოთახში დავჯექი. ისევ მოვიმარაგე თერმოსი წყლით, სანიტაიზერი და ორცხობილები. მშვენივრად ვარ".

ანამ კი დაიწუწუნა, სამწუხაროდ სახლში ხალათით ჯდომის ბედნიერება არ მერგოო, მაგრამ აშკარაა, რომ ოფისში გაბატონებითაც ბედნიერად გრძნობდა თავს.

იგივე წარმატებით ვბატონობდი მეც, ოღონდ სახლში, სადაც ყველაფერი მქონდა ბედნიერებისთვის: კოკა-კოლა და მეორე ბოთლი კოკა-კოლა. ერთადერთ დისკომფორტს იმაზე ფიქრი მიქმნიდა, რომ ოფისში ჩემი საყვარელი სკამი ეულად და და მოწყენილად დარჩა. თუმცა, შეუძლია მშვიდად იყოს, მისი შეცვლა სახლში ერთდროულად სამმა სკამმაც კი ვერ შეძლო.

ფოტო: თამუნა გეგიძე

რაც შეეხება ხატიას, მისი ამბავი ბოლოსთვის შემოგინახეთ, რომ უკეთ გაიგოთ როგორ ჩაიარა მთავარი რედაქტორობის პირველმა დღემ. ყველაფერთან ერთად, მას ზემოთ მოყოლილი ისტორიებისა და წუწუნის მოსმენაც ხომ უწევდა.

ხატიამ დილას რვაზე სცადა ადგომა, მაგრამ ცხრამდე მაინც ვერ ადგა. პიჟამათი აივანზე გავარდა, თოვლს ფოტოები გადაუღო და მაგიდაზე ქმრის დატოვებული საჩუქრები შეათვალიერა. "სამსახურში რომ არ დაეგვიანებინა", სასწრაფოდ გახსნა, ისევ შეფუთა და ყიყლიყოებითა და ჩაით მივიდა კომპიუტერთან. მერე იყო ნიუსები, დავალებები, რჩევები და ...

"სამუშაო დღე ბოლოსკენ რომ წავიდა, იმით მივხვდი, რომ შიო დაბრუნდა სახლში. საჭმელი მოიტანა და მომიმზადა. საჩუქრები გაუხსნელი ეგონა და ბუზღუნი დაიწყო, მერე იმაზე დამცინა, თუ გეჩქარებოდა, ისევ რაღატომ შეფუთეო. ვიცი?!"

ნიჟარაში ჭურჭელი ელოდება გარეცხვას და ვცდილობ სამზარეულოსკენ არ გავიხედო, თორემ პერფექციონიზმის შემოტევას შეიძლება ვერ გავუძლო.

დისტანციურად მუშაობისას დროის გადანაწილება აშკარად ვერ ვისწავლე ჯერ. იმედი მაქვს, მალე აღარ დაგვჭირდება".

ფოტო: ხატია ღოღობერიძე

სტატიის დასაწყისში დაგპირდით, რომ რჩევებს გაგიზიარებდით, მაგრამ უფრო მეტი დრო წუწუნს დავუთმეთ, რაც, ასევე, რეკომენდაციად შეგიძლიათ მიიღოთ. თუმცა, რჩევებიც მზად გვაქვს, რომელიც დირექტორმა გაგვიზიარა, ჩვენ კი თქვენთვის გაზიარება არ გვენანება.

"მე რაც შემიძლია ვთქვა ჩემი გამოცდილებიდან: არავითარი პარალელურად ჩართული ტელევიზორი, დრო ისე გავა, რომ ვერაფერს იზამთ, ოღონდ თან განცდა გექნებათ, რომ დიდი ხანი იმუშავეთ. თუ ადგომა გინდებათ ხშირად და ვერ კონცენტრირდებით, დაუწესეთ საკუთარ თავს შეზღუდვები, მაგალითად: "აი, ამასაც დავწერ და მერე შემიძლია ავდგე და ყავა დავისხა".

თუ მარტო არ ცხოვრობთ, თქვენ გვერდით მცხოვრებ ადამიანებს (ოჯახის წევრები იქნებიან თუ რუმმეითები), აუხსენით, რომ კონცენტრირება გჭირდებათ და ხელი არ შეგიშალონ.

მჯერა, რომ სახლიდან მუშაობა და საკუთარი თავის მართვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარია, რომლის გამომუშავებასაც დრო სჭირდება და ახლა რასაც ვაკეთებთ, მნიშვნელოვანი ექსპერიმენტია.

შეგვიძლია, რომ ბოლოს და ბოლოს მოვიშოროთ ის მიდგომა, რომლის დროსაც დამსაქმებლები კონკრეტულად ოფისში ჯდომას ითხოვენ. ოღონდ, რამდენად შევძლებთ ამ წარმოდგენის შეცვლას, იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კეთილსინდისიერად ვიმუშავებთ".

რადგან ამხელა სტატია წაიკითხეთ, კარგს იზამთ, თუ კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციებს, თვითიზოლაციაში მოქცევის წესებსა და სახლიდან მუშაობაზე საჭირო რჩევებსაც გაეცნობით. მადლობა, რომ ჩვენი მკითხველი ხართ.