16 მარტიდან პატიმრებისთვის სატელეფონო საუბრებზე შეღავათი ამოქმედდა. ამის შესახებ პენიტენციური სამსახური ავრცელებს განცხადებას. ინიციატივის შესაბამისად, თითოეულ პატიმარს მისთვის კანონით დადგენილ ფასიან დროზე 15-წუთიანი უფასო სასაუბრო დრო დაემატა, რაც პაემნების დროებით აკრძალვიდან გამომდინარე, პატიმრებისთვის გარკვეული შეღავათია.

ბრალდებულ/მსჯავრდებულებისთვის სატელეფონო ლიმიტები პატიმრის საშიშროების რისკისა და პენიტენციური დაწესებულების ტიპის შესაბამისად არის დაწესებული. ნახევრად ღია პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულებს ულიმიტო ფასიანი სატელეფონო საუბრის უფლება აქვთ, ხოლო განსაკუთრებული რეჟიმის დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულებისთვის, მათი საშიშროების რისკის შესაბამისად, განსაზღვრულია ფასიანი დრო 30 ან 45 წუთი თვეში.

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ბრალდებულ/მსჯავრდებულებს ხანმოკლე, ასევე საოჯახო და ხანგრძლივი პაემნების უფლებით სარგებლობა შეუჩერდათ.

დღეს მთვრობამ ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციებიც გაავრცელა. პრემიერმა კი ხაზი გაუსვა, რომ მათი შესრულება სავალდებულოა.

გაიგეთ მეტი ახალ რეკომენდაციებზე:

პანდემია და რეკომენდაციები

17 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 შემთხვევაა დაფიქსირებული. ერთ ახალ შემთხვევაზე დღეს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

34-დან ერთი, პირველი პაციენტი, რომელიც ირანიდან შემოვიდა გამოჯანმრთელდა და გუშინ საავადმყოფოდან გაწერეს. კარანტინში რჩება 1008 ადამიანი, სტაციონარში — 64.

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა, საქართველოს მთავრობა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და შეზღუდვები და რეკომენდაციები გაავრცელა. ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული ისევე, როგორც კაფე-ბარებსა და რესტორნებს. ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს და დარღვევის შემთხვევაში ისინი იძულებით კარანტინში გადაყავს. ასევე, შეიქმნება სპეციალური მექანიზმი, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულებას შეამოწმებს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: