2020 წლის პირველ აპრილამდე შემოყვანილ ავტომობილებს განბაჟების ვადა გაუხანგრძლივდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო აცრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.

მათივე ინფორმაციით, საბაჟო პროცედურები 2020 წლის პირველ სექტემბრამდე გახანგრძლივდება.

"ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, არ გამოიყენება პასუხისმგებლობის ზომები/სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც ვერ შეძლებენ 2020 წლის 1 აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილის რეექსპორტს შემოყვანიდან 90 დღეში, თუ ამ ავტომობილის რეექსპორტი ან მის საბაჟო პროცედურებში მოქცევა მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე განხორციელდება", — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, შეღავათი შეეხება, დაახლოებით, 38 ათასამდე მანქანის მფლობელს და გადავადებული გადასახადების ოდენობა 50 მილიონ ლარს შეადგენს.

დღეს მთვრობამ ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციებიც გაავრცელა. პრემიერმა კი ხაზი გაუსვა, რომ მათი შესრულება სავალდებულოა.

გაიგეთ მეტი ახალ რეკომენდაციებზე:

პანდემია და რეკომენდაციები

17 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 შემთხვევაა დაფიქსირებული. ერთ ახალ შემთხვევაზე დღეს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

34-დან ერთი, პირველი პაციენტი, რომელიც ირანიდან შემოვიდა გამოჯანმრთელდა და გუშინ საავადმყოფოდან გაწერეს. კარანტინში რჩება 1008 ადამიანი, სტაციონარში — 64.

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა, საქართველოს მთავრობა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და შეზღუდვები და რეკომენდაციები გაავრცელა. ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული ისევე, როგორც კაფე-ბარებსა და რესტორნებს. ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს და დარღვევის შემთხვევაში ისინი იძულებით კარანტინში გადაყავს. ასევე, შეიქმნება სპეციალური მექანიზმი, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულებას შეამოწმებს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: