ხშირად, როცა ახალი საკითხავის შერჩევას ვიწყებთ, არჩევანს უმეტეს შემთხვევაში მცირე მოცულობის წიგნებს შორის ვაკეთებთ. ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს: თანამედროვე ცხოვრების სტილიდან გამომდინარე გვინდა, რომ სწრაფად საკითხავი შევარჩიოთ.

მცირე მოცულობას მკითხველები მეტწილად მარტივ საკითხავთან აიგივებენ: მიიჩნევა, რომ მსგავსი ნაწარმოებები განსაკუთრებული დროის, ყურადღებისა და ენერგიის ხარჯვას არ მოითხოვს (რაც არის და ამავდროულად არც არის ასე).

შესაბამისად, ამ მიზეზების გამო სქელტანიან წიგნებს ხშირად არ სწყალობენ: ბევრს ეზარება მისი წაკითხვა მოცულობის გამო, ან ჰგონიათ, რომ ის აუცილებლად მოსაწყენი იქნება და წიგნის მაღაზიებისა თუ ბიბლიოთეკების თაროებზე ასეთ წიგნებს შედარებით იშვიათად თუ გამოუჩნდება მკითხველი.

ახლა კი, როცა ყველა გვირჩევს, რომ სახლიდან გასვლას მოვერიდოთ და თვითიზოლაციით საკუთართან ერთად სხვების ჯანმრთელობასაც გავუფრთხილდეთ, სწორედ შესაბამისი დროა, რომ წიგნების მოცულობამ არ შეგვაშინოს და ყველა იმ რომანის დაგემოვნება უფრო მეტი მონდომებით ვცადოთ, რომელთა წაკითხვასაც რამდენიმე საათზე მეტი სჭირდება.

1. ღრუბლების ატლასი — დევიდ მიჩელი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ყველა მკითხველს თავისი საყვარელი ჟანრი აქვს: ზოგს ისტორიული რომანები უყვარს, ვიღაცას დეტექტივები და სხვას კიდევ სამეცნიერო ფანტასტიკა. რას იტყვით ისეთ წიგნზე, რომელიც ამ ყველაფერს ერთად იტევს? რთული წარმოსადგენი გგონიათ? მაშინ ჯერ ღრუბლების ატლასი არ წაგიკითხავთ.

დევიდ მიჩელი თავის ამ გახმაურებულ რომანში ექვსი სხვადასხვა ისტორიის შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც ამდენივე ჟანრისა და მთხრობელის ენის საშუალებით ორგანულად აცოცხლებს. მეცხრამეტე საუკუნიდან პოსტაპოკალიფსურ სამყარომდე კაცობრიობის განვითარების ხაზი ერთი შეხედვით სრულიად განსხვავებული გმირების, თუმცა სინამდვილეში ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული პერსონაჟების ცხოვრების პარალელურადაა მოთხრობილი, რაც მკითხველს საშუალებას აძლევს დააკვირდეს და დაფიქრდეს, თუ სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს განვითარებისკენ მიმავალმა დღევანდელმა ტემპმა საბოლოოდ.

2. ვარდის სახელი — უმბერტო ეკო

ფოტო: დიოგენეს გამომცემლობა

უმბერტო ეკო ბოლო წლებში ისე შეიყვარა ქართველმა მკითხველმა, ალბათ, ძალიან ცოტასთვის თუ იქნება ეს რეკომენდაცია სიახლე, მაგრამ იქნებ კიდევ იყვნენ ის იღბლიანი მკითხველები, რომლებიც მის შემოქმედებას ჯერ არ გასცნობიან და წინ ნამდვილად დიდი ლიტერატურული თავგადასავალი ელით.

ვარდის სახელი ერთდროულადაა ისტორიული რომანი, დეტექტივი და პოსტმოდერნული ლიტერატურის სანიმუშო წარმომადგენელი, რომელთა ერთიანობაც მკითხველს შვიდასზე მეტი გვერდის წაკითხვისასაც კი მოწყენის საშუალებას არ აძლევს.

წიგნის სიუჟეტი შუა საუკუნეების იტალიაში მდებარე მონასტერში ვითარდება. თუმცა შუა საუკუნეების ხსენება ნუ დაგაფრთხობთ: უმბერტო ეკო პირველ რიგში სწორედ ამ ეპოქის მკვლევარი იყო, რამაც შესაძლებლობა მისცა, რომ ბევრის ცნობიერებაში წარმოდგენილი "მოსაწყენი, ბინძური და პირქუში" დროება ისე ოსტატურად აღეწერა, რომ ისტორიული სინამდვილე არ დაეკარგა და ამავდროულად საოცრად საინტერესო ამბავი გაეცოცხლებინა წიგნის ფურცლებზე.

3. შესწორებები — ჯონათან ფრენზენი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ვისაც ოჯახების ცხოვრება, მათი წევრების ერთობლივი და ცალ-ცალკე თანაარსებობა აინტერესებს, ამ რომანით აუცილებლად მოიხიბლება: ოჯახური საგა ლიტერატურაში ახალი თემა არ არის, მეტიც — მრავალი მსგავსი ძალიან კარგი წიგნიც წაგვიკითხავს, თუმცა ჯონათან ფრენზენმა მოახერხა, რომ ოცდამეერთე საუკუნეში კლასიკური ნაწარმოების ტოლფასი და ამავდროულად თანამედროვე ლიტერატურული შედევრი შეექმნა.

შესწორებები, რომელიც ძირითადად ერთი ოჯახისა და მისი ხუთი წევრის შესახებ მოგვითხრობს, წესით, ყველა თანამედროვე მკითხველისთვის ახლობელი აღმოჩნდება: მიუხედავად იმისა, რომ მასში ამერიკული ოჯახი და ამერიკული კულტურაა გაცოცხლებული, ამავდროულად ყოველდღიური ცხოვრების ყველა იმ ნიუნსსა და პრობლემას აღწერს, რომელიც უკვე მთლიანად თანამედროვე ცივილიზაციის სახეა: როგორ ვიტყუებთ თავს, რომ ყველაფერი კარგადაა, რადგან სხვაგვარად ვერ გადავრჩებით — შეცდომის აღიარება დაუშვებელია, რადგან დღეს მარცხს არავის პატიობენ. ამიტომაც ახალი სამსახურით, პარტნიორით, ტანსაცმლით, ნარკოტიკებითა თუ საცხოვრებელი ადგილით ვნიღბავთ ჩვენს რეალურ ტკივილებს და ასე შეგვაქვს ფუჭი შესწორებები ჩვენს ცხოვრებაში.

4. მერვე სიცოცხლე (ბრილკას) — ნინო ხარატიშვილი

ფოტო: გამომცემლობა ინტელექტი

იქ, სადაც ვახსენეთ ოჯახური ისტორიები, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ქართველი ავტორი, ნინო ხარატიშვილი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ლიტერატურული ჯილდოს, ბუკერის საერთაშორისო პრემიის წლევანდელ ფინალისტებს შორის მოხვდა.

წარმოშობით ქართველი მწერალი უკვე წლებია გერმანიაში ცხოვრობს და თავის ნაწარმოებებსაც გერმანულ ენაზე ქმნის. მათ შორის გამონაკლისი არც მერვე სიცოცხლეა, რომელიც ქართულად გასულ წელს ითარგმნა.

რომანი ერთი ოჯახის ისტორიის კვალდაკვალ მთლიანად საქართველოს ერთსაუკოვანი ისტორიის შესახებ მოგვითხრობს: მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ოცდამეერთე საუკუნის გარიჟრაჟამდე. წიგნმა იმხელა მოწონება დაიმსახურა ევროპელ მკითხველებში, რომ ის თანამედროვე გერმანული ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებადაც აღიარა არაერთმა კრიტიკოსმა.

5. ბეჭდების მბრძანებელი — ჯ. რ. რ. ტოლკინი

ფოტო: გამომცემლობა პალიტრა L

მიუხედავად იმისა, რომ პოპულარული ეკრანიზაციის დამსახურებით ჟანრის მოყვარულებთან ერთად სხვა ბევრიც ასე თუ ისე იცნობს ტოლკინის სამყაროს, ხშირად ფენტეზის მოყვარულებიც კი უფრთხიან ამ წიგნის წაკითხვას: რატომღაც ბევრს ჰგონია, რომ ეს წიგნი რთული საკითხავია და ამის გამო ისევ ჯობია ფილმი ნახო, რათა არ მოიწყინო.

სინამდვილეში კი ეს წიგნი რთული საკითხავია იმათთვისაა, ვისაც ფენტეზის ჟანრისგან მხოლოდ საბავშვო ლიტერატურისთვის დამახასიათებელი სილაღის მოლოდინი აქვს, თორემ ტოლკინის ენა მხოლოდ შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც გასაოცარი, სხვა ყველაფერი მკრეხელობაა.

მართალია, ბეჭდების მბრძანებლის წაკითხვას რამე შესაფერისი დრო და პერიოდი არ სჭირდება — ის ზამთარსა და ზაფხულშიც ჯადოსნურ სამყაროში გამოგზაურებთ, თუმცა ახლა, როცა ჩვენს რეალობაში განსაკუთრებულად დამძიმებულები ვართ ერთმანეთზე უფრო ცუდი სიახლეებით, გამორჩეულად სასიამოვნო იქნება იმ სამყაროში გადასახლება, სადაც რთულად, თუმცა მაინც აუცილებლად ამარცხებს სიკეთე ბოროტებას.

6. ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისაკენ — რიჩარდ ფლენეგანი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

რიჩარდ ფლენეგანმა რატომღაც ქართველ მკითხველებში სათანადო პოპულარობა ვერ მოიპოვა, არადა ის სწორედ იმაზე წერს, რაც ქართველ მკითხველს ყველაზე მეტად აღელვებს: ომსა და სიყვარულზე.

ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისაკენ მეორე მსოფლიო ომის დროს დატრიალებული საზარელი ამბების ქრონიკაა, ოღონდ არა იმ ყველაფრის, რომელთა შესახებაც აქამდეც მრავალჯერ გვსმენია, არამედ შედარებით ნაკლებად ცნობილ, მაგრამ არანაკლებად მძიმე დანაშაულებზე, რომლებმაც მრავალი ადამიანი იმსხვერპლა, კიდევ უფრო ბევრის ცხოვრება კი სამუდამოდ შეცვალა.

ფლენეგანი ამ რომანზე დიდხანს მუშაობდა და ეს ეტყობა კიდეც წიგნს: მისი წერის სტილი და თითოეული სიტყვა სტრიქონებს შორის ხელშესახებად გაგრძნობინებს ყველა იმ ტკივილს, სევდას, ბრაზს, სიხარულსა თუ ვნებას, რომელსაც ამ წიგნის გმირები გრძნობენ.

7. თეთრი კბილები — ზეიდი სმითი

ფოტო: გამომცემლობა წიგნები ბათუმში

თანამედროვეობის კიდევ ერთი გამორჩეული ავტორია ზეიდი სმითი, რომელმაც წარმოუდგენლად ახალგაზრდა ასაკში შეძლო შეექმნა დიდებული რომანი — დიდებული, როგორც თავისი მოცულობით, ისე მნიშვნელობითაც.

თეთრი კბილები რთულია რამეს შეადარო, რადგან ის ყოველმხრივ უნიკალური და შთამბეჭდავი წიგნია: ავტორი რაღაც ჯადოსნობით ახერხებს მკითხველს ძალიან სასაცილოდ ესაუბროს ყოვლად სერიოზულ თემებზე ისე, რომ ვერც კი გაიგებ როდის დაასრულებ ამ უზარმაზარი ნაწარმოების კითხვას.

დაკვირვებული მკითხველი წიგნის პირველივე გვერდებიდან მარტივად მიხვდება, რომ ზეიდი სმითი ნამდვილი დიდოსტატია: მას საოცრად შეუძლია პერსონაჟების ხასიათებისა და შინაგანი სამყაროს თუნდაც ერთ ეპიზოდში ისე აღწერა, რომ ის რომელიმე თქვენს ნაცნობს თუ არ მოგაგონებთ, მომავალში მის პროტოტიპს აუცილებლად გადაეყრებით და გაგახსენდებათ, რომ მის შესახებ წინასწარ მოგიყვნენ.

8. მიდლსექსი — ჯეფრი იუჯინიდისი

ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა

ერთი შეხედვით ამ წიგნის მოცულობა იმის ვარაუდის საფუძველს კი იძლევა, რომ მასში მრავალი რამ იქნება თავმოყრილი, თუმცა ჯეფრი იუჯინიდისი მაინც ყველა მოლოდინს აჭარბებს: მიდლსექსი ერთი ოჯახის საგვარეულო ისტორიაა, რომელიც ამავდროულად მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა ემიგრაცია, რასიზმი, ინცესტი, პირველი სიყვარული, გარდატეხის ასაკის პრობლემები, სოციალური უთანასწორობა და კიდევ მრავალი სხვა.

ოღონდ არ იფიქროთ, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ სრულიად განსხვავებული ინგრედიენტებივითაა ჩაყრილი ერთ ქვაბში, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, უგემურ შედეგს გვაძლევს, პირიქით — ამ რომანში ისე ზუსტად, დეტალურად და თანმიმდევრულადაა აღწერილი ყველაფერი, რომ ერთხელაც ვერ გაბედავ გაფიქრებას, ეს უკვე ზედმეტი იყოო.

რაც ყველაზე მთავარია, ამ წიგნის ნარატორი კალიოპა სტეფანიდია, რომელიც ყველაზე უხილავი და საზოგადოებისგან სრულიად გარიყული ადამიანის, ინტერსექსის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს და ამავდროულად გვაფიქრებს, თუ რა არის სქესი, გენდერი და სად გადის ზღვარი მათ შორის.

9. მონანიება — იენ მაკიუენი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ალბათ, ყველას ცხოვრებაში ყოფილა ერთი ადამიანი მაინც, რომელმაც განზრახ თუ უნებლიეთ გვაწყენინა, გვატკინა ან გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა. ბუნებრივია, ასეთ დროს ამ ადამიანზე ვბრაზობთ და ვფიქრობთ, რომ მის პატიებას ვერასდროს შევძლებთ. რაც არ უნდა მოვინდომოთ, ასეთ დროს რთულია სწორედ ამ ადამიანის გრძნობებზე ვიფიქროთ, მაგრამ იენ მაკიუნი ნელ-ნელა და აუღელვებლად სწორედ ამას გვაიძულებს: რა სიმძიმის თრევა უწევს ადამიანს, რომელსაც სინდისი ქენჯნის, გამოსწორების შესაძლებლობა კი არ ეძლევა?

მონანიება ერთდროულად საოცრად ლამაზი — თავისი ფორმითა და წერის სტილით — და ამავდროულად სულისშემძვრელი რომანია თავისი წარმოუდგენლად მძიმე სიუჟეტური ხაზით, რომლის ფინალიც ყველაზე გულქვა მკითხველსაც კი გააოგნებს.

10. დიუნი — ფრენკ ჰერბერტი

ფოტო: გამომცემლობა წიგნები ბათუმში

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ბევრ თქვენგანს ეფიქრა, თუ როგორი იქნებოდა ცხოვრება სხვა პლანეტაზე. ფრენკ ჰერბერტი თავისი საკულტო ნაწარმოებით სწორედ ამის საშუალებას გაძლევთ: სხვა პლანეტებზე იმოგზაუროთ და უცხო ცივილიზაციები აღმოაჩინოთ.

ისინიც კი, ვინც ჟანრულ ლიტერატურას არასერიოზულად აღიქვამენ, გულგრილნი ვერ დარჩებიან დიუნის კითხვისას: ეს ყოველმხრივ მასშტაბური წიგნი იდეალურად ამტკიცებს, რომ კონკრეტული ჟანრი უბრალოდ ფორმაა, რომლითაც ადამიანებისთვის მუდმივად მნიშვნელოვან თემებზე მსჯელობ და მათ გადაწყვეტას ცდილობ. თანაც ამ წიგნში ეს ისე ხდება, რომ წამითაც არ მოიწყენ — დაძაბული სიუჟეტი სუნთქვასაც გიკრავს და თან იმ ყველაფერზე დიდხანს გაფიქრებს, რაც სტრიქონებს მიღმაა დამალული.