დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

კორონავირუსის გამო არსებული კარანტინის დარღვევისთვის, შესაძლოა, სანქციები საქართველოშიც დაწესდეს.

ამის შესახებ განცხადება ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის ლიდერს მოუწოდა, მოამზადოს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

თალაკვაძემ აღნიშნა, რომ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული სანქციები ან "სხვა ზომები".

"თითოეული ასეთი შემთხვევა წარმოადგენს რისკს შემთხვევათა გადაცემისთვის, რისი უფლებაც ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს ახლა", — თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტი მზადაა ამ ცვლილებების მისაღებად და საჭიროა "მკაცრი, გონივრული და პროფესიონალური პასუხი ყველა რისკზე, რომელმაც შეიძლება ინფექციის გავრცელება გამოიწვიოს".

მამუკა მდინარაძის განმარტებით, ცვლილებები, სავარაუდოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში იქნება და არ არის გამორიცხული, ჯარიმასთან ერთად, პატიმრობაც დაწესდეს.

"ჩვენ უნდა ვიყოთ ადეკვატურად მკაცრები", — ამბობს მდინარაძე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით 71 ადამიანია გადაყვანილი.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 34 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან ერთი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაწერეს. ის, ექიმების რეკომენდაციით, 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება.

პანდემია და რეკომენდაციები

17 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 შემთხვევაა დაფიქსირებული. ერთ ახალ შემთხვევაზე დღეს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

34-დან ერთი, პირველი პაციენტი, რომელიც ირანიდან შემოვიდა გამოჯანმრთელდა და გუშინ საავადმყოფოდან გაწერეს. კარანტინში რჩება 1008 ადამიანი, სტაციონარში — 64.

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა, საქართველოს მთავრობა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და შეზღუდვები და რეკომენდაციები გაავრცელა. ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული ისევე, როგორც კაფე-ბარებსა და რესტორნებს. ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს და დარღვევის შემთხვევაში ისინი იძულებით კარანტინში გადაყავს. ასევე, შეიქმნება სპეციალური მექანიზმი, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულებას შეამოწმებს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: