პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლისთვის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება "მთავრობას არ შესძენს ისეთ ინსტრუმენტებს, რომელიც დღეს არ გააჩნია". ამის შესახებ პრემიერმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ამ ეტაპისთვის აუცილებელი არაა.

"რაღაც მომენტში შეიძლება დადგეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა. ამ გადაწყვეტილებასაც მივიღებთ. ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ დღე გვჭირდება ეფექტური ბრძოლისთვის, როდესაც ეს ინსტრუმენტები დაგვიმთავრდება და აუცილებელი იქნება საგანგებო მდგომარეობა, ამ ნაბიჯსაც გადავდგამთ", — განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამავე თემაზე:

დღეს მთვრობამ ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციებიც გაავრცელა. პრემიერმა კი ხაზი გაუსვა, რომ მათი შესრულება სავალდებულოა.

გაიგეთ მეტი ახალ რეკომენდაციებზე:

პანდემია და რეკომენდაციები

17 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 შემთხვევაა დაფიქსირებული. ერთ ახალ შემთხვევაზე დღეს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

34-დან ერთი, პირველი პაციენტი, რომელიც ირანიდან შემოვიდა გამოჯანმრთელდა და გუშინ საავადმყოფოდან გაწერეს. კარანტინში რჩება 1008 ადამიანი, სტაციონარში — 64.

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა, საქართველოს მთავრობა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და შეზღუდვები და რეკომენდაციები გაავრცელა. ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული ისევე, როგორც კაფე-ბარებსა და რესტორნებს. ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს და დარღვევის შემთხვევაში ისინი იძულებით კარანტინში გადაყავს. ასევე, შეიქმნება სპეციალური მექანიზმი, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულებას შეამოწმებს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: