უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ნინო ქადაგიძემ სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე საუბრისას წინა ხელისუფლების როლი აღნიშნა და თქვა რომ "მათი წვლილი ხაზგასასმელია". ამის შესახებ მან დღეს, 17 მარტს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც მისი, როგორც უზენაესის თავმჯდომარეობის კანდიდატის მოსმენა მიმდინარეობს. ნინო ქადაგიძის მოსმენას არ ესწრებიან ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიები, ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა.

"მინდა აღვნიშნო ოპოზიციის როლი, რამდენადაც ოპოზიციაში საპარლამენტო უმცირესობაში არიან ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე სასამართლო რეფორმირების სათავეებში იდგნენ. მე მინდა მათი წვლილიც იყოს ხაზგასმული. ვიცი, რომ მათი მხარდაჭერის იმედი არ უნდა მქონდეს, მაგრამ ეს ჩემი პოზიციაა, ჩემი პატივისცემაა მათი დამოკიდებულების მიმართ ამ პროცესებისადმი", — თქვა ნინო ქადაგიძემ.

მანვე აღნიშნა პარლამენტის დამსახურება ბოლო დროს განხორციელებული რეფორმის კუთხით. მოსამართლის თქმით, პარლამენტმა "ისტორიული როლი შეასრულა" სასამართლოს დამოუკიდებლობის ფორმირების პროცესში:

"საქართველოს კონსტიტუციაში ბოლო დროს შეტანილმა ცვლილებებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ფორმირების პროცესში. ხელისუფლების სხვა შტოებისგან არასათანადო კავშირებისა თუ გავლენებისაგან სასამართლოს დაცვის თვალსაზრისით".

ვინ არის ნინო ქადაგიძე

ნინო ქადაგიძე მოსამართლეების იმ 10-კაციან სიაში იყო, რომლის პარლამენტისთვის წარდგენას და განხილვას პროტესტი და საბოლოოდ ქართული ოცნების უმრავლესობის დაშლა მოჰყვა.

1994-2000 წლებში ნინო ქადაგიძე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე. 2000 წელს იგი დაინიშნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ. 2002-2012 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. 2013 წლის 17 ივნისიდან კი იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე. 12 დეკემბერს კი ის უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნა.

სწორედ ნინო ქადაგიძემ განიხილა სააპელაციოში, რამდენად კანონიერად გაანადგურა იუსტიციის სამინისტრომ საარჩევნო საკითხებზე შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის სხდომის ოქმების აუდიო ჩანაწერები.

ამ შინაარსის სარჩელით სასამართლოს ნაციონალურმა მოძრაობამ მიმართა, რადგან საქალაქო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. სამინისტრო უთითებდა, რომ აღნიშნულ აუდიო ჩაწერას ჰქონდა ერთჯერადი ხასიათი და გამოიყენებოდა მხოლოდ წერილობითი ოქმის შესადგენად. ნინო ქადაგიძემ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

გაიგეთ მეტი ქადაგიძეზე: