საქართველოს მეორე არხი საგანმანათლებლო პლატფორმად გადაკეთდება და ეთერში ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინბებული გაკვეთილები გავა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ახალი პროექტისთვის ასევე გამოყენებული იქნება საქართველოს პირველი არხის სხვადასხვა მედიაპლატფორმები: ვებპორტალი, საქართველოს პირველი არხის youtube და ფეისბუქგვერდები.

მათივე ცნობით, საეთერო ბადე შემუშავების პროცესშია და უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.

როგორც არხზე აცხადებენ, ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის ცნობილი პედაგოგები ჩაატარებენ. გამოყენებული იქნება წამყვანი კომპანიების მიერ გადაღებული სასწავლო ფილმებიც.

"აღნიშნული პროექტის დაწყება კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებას უკავშირდება, თუმცა მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, იგი ვითარების განმუხტვის შემდეგაც გაგრძელდება.

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, პროექტი იქნება გრძელვადიანი და მიზნად ისახავს საქართველოს მეორე არხის საგანმანათლებლო არხად გადაქცევას.

COVID-19-ის გამო სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გაგრძელდება. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საბჭომ დღეს, 11 მარტს მიიღო.

კორონავირუსის გამო სასწავლო დაწესებულებებში სწავლა 16 მარტამდე იყო შეწყვეტილი.