ქვემოთ ხშირად დასმულ 7 კითხვაზე იმ პასუხებს გთავაზობთ, რომლებიც დღეისთვის არსებული მონაცემებითაა გამყარებული.

1. რამდენ ხანს გრძელდება კორონავირუსის ინკუბაციის პერიოდი?

WHO-ს მიხედვით, ინკუბაციის პერიოდი 14 დღემდე გრძელდება. თუმცა ზოგიერთი მეცნიერი ამბობს, რომ, შესაძლოა, სიმპტომების გამოჩენამდე დღეთა რაოდენობა 24-იც კი იყოს.

ინკუბაციის პერიოდის ცოდნა და გაგება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ექიმებსა და ჯანდაცვის სისტემათა წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, მოიძიონ და დანერგონ ვირუსის გავრცელების აღკვეთისა და კონტროლის მაქსიმალურად ეფექტიანი გზები.

2. რა განსხვავებაა კორონავირუსსა და გრიპს შორის?

ფოტო: CDC / WHO

ახალ კორონავირუსს, იმავე COVID-19-სა და გრიპს ან გაციებას ბევრი საერთო სიმპტომი აქვს, რაც ართულებს ანალიზის გარეშე დიაგნოზის დასმას.

ახალი კორონავირუსის მთავარი სიმპტომები სიცხე და ხველებაა. გრიპს და გაციებას ხშირად სხვა სიმპტომებიც სდევს თან. მაგალითად, გაციებისთვის ცემინებაა დამახასიათებელი, რაც ახალი კორონავირუსის სიმპტომად არ ითვლება. ამასთან, COVID19-ით დაინფიცირებულებს სუნთქვის პრობლემებიც ახასიათებთ.

თუ თავს საეჭვო სიმპტომებს შეატყობთ, რეკომენდირებულია დარეკოთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელ ხაზზე — 116 001. ინფორმაციის მოპოვება ასევე შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზითაც, რომლის ნომერიცაა 15 05.

3. რას გულისხმობს თვითიზოლაცია?

თვითიზოლაცია გულისხმობს 14 დღის განმავლობაში სახლში დარჩენას, სამსახურში, სკოლასა თუ თავშეყრის სხვა ადგილებში სიარულზე უარის თქმას, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისგან თავის არიდებას. მნიშვნელოვანია, რომ თუ დაინფიცირების რისკის ქვეშ ხართ, სახლში ოჯახის წევრებთანაც აღკვეთოთ კავშირი.

თუ თვითიზოლაციაში ხართ, სურსათის, წამლების ან სხვა სახის პროდუქტის დაჭირვების შემთხვევაში, შეგიძლიათ სახლში მიტანის სერვისებით ისარგებლოთ. ამ დროის განმავლობაში თქვენ არ უნდა მიიღოთ სტუმრები. ასევე, თავი შორს უნდა დაიჭიროთ თქვენი შინაური ცხოველებისგან, მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, დაიბანეთ ხელები მათთან შეხებამდე და შეხების შემდეგ.

4. რამდენად სახიფათოა კორონავირუსი ასთმის მქონე ადამიანებისთვის?

ფოტო: Kalize Lee / SCMP

ისეთმა რესპირატორულმა ინფექციამ, როგორიც კორონავირუსია, შეიძლება ასთმის სიმპტომები გაამწვავოს.

Asthma UK კორონავირუსით შეშფოთებულ ასთმის მქონე ადამიანებს ურჩევს, გადადგან რიგი ნაბიჯები, რათა ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა მაქსიმალურად სტაბილურ ფორმაში შეინარჩუნონ.

ეს ნაბიჯები მოიცავს ინჰალატორის ექიმის დანიშნულებისამებრ გამოყენებასაც, რაც შეამცირებს ასთმურ შეტევათა რისკს ნებისმიერი რესპირატორული ვირუსის, მათ შორის ახალი კორონავირუსის შეყრის შემთხვევაში.

5. ვალდებულია თუ არა დამსაქმებელი, თანამშრომლების მხრიდან სახლიდან მუშაობის თხოვნას დასთანხმდეს?

საქართველოში სახელმწიფო ან კერძო კომპანია კანონით არაა ვალდებული, რომ თანამშრომლები სახლში მუშაობის რეჟიმზე გადაიყვანოს. თუმცა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, 12 მარტს მთავრობისა და სახელმწიფოს ყველა უწყებას, ასევე, კერძო სტრუქტურებს, შესაძლებლობების ფარგლებში, დისტანციური მუშაობის რეკომენდაცია მისცა.

კომპანიების მხრიდან ამ რეკომენდაციის გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებსაც სხვადასხვა რისკ-ფაქტორის გამო თვითიზოლაციის მოთხოვნა აქვთ წაყენებული.

6. საჭიროა თუა არა პირბადის ტარება, რათა ვირუსის გავრცელების ან შეყრის შანსები შევამციროთ?

ფოტო: Kalize Lee / SCMP

დიახ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება, დაინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტის შემთხვევაში ნიღაბს შეუძლია, ნაწილობრივ მაინც დაგვიცვას ხველების ან დაცემინებისას წამოსული წვეთების ჩვენს სახეზე მოხვედრისგან. მეორე მხრივ, თუ ადამიანი თავადაა ვირუსის მატარებელი, პირბადე მისგან ინფექციის გავრცელების შანსებს ნამდვილად შეამცირებს.

7. შესაძლებელია თუ არა დაავადებული ადამიანის მიერ მომზადებული საკვებით დაინფიცირება?

კორონავირუსის მქონე ადამიანმა, შესაძლოა, საკვებითაც გაავრცელოს ვირუსი, თუკი კერძის მომზადებისას ჰიგიენის სათანადო წესებს არ დაიცავს. კორონავირუსი, შეიძლება, ამოხველებისას გავრცელებული წვეთებით ან ხელის შეხებით გადაეცეს საკვებს.

ასე რომ, როცა საკითხი ვირუსის გავრცელების შეჩერებას ეხება, საკვების შეხებამდე ან მირთმევამდე ხელების დაბანა ყველა ვარიანტში კარგი რჩევაა.