აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას ნაზიბროლა ქობულაძე წაიყვანს, რომელიც აჭარის საგზაო დეპარტამენტში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობდა. მანამდე მას TV25-ზე გადაცემა საზოგადოებრივი პოზიცია მიჰყავდა.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, 2007 წელს ნაზიბროლა ქობულაძე ქრისტიან-დემოკრატიული კვოტით საკრებულოს წევრი იყო. ასევე, 2009 წელს უმაღლეს საბჭოში თავმჯდომარის თანაშემწედ მუშაობდა. ნაზიბროლა ქობულაძემ საინფორმაციო გამოშვებაში თეონა ბაკურიძეს ჩაანაცვლებს, რომელიც მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ გაათავისუფლა.

როგორც ქობულაძე On.ge-სთან ამბობს, საგზაო დეპარტამენტში სპეციალისტად სამი წელი იმუშავა და ახლა თავისი პროფესიით აგრძელებს მუშაობას. კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა მედიაში დაბრუნებულიყო და საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება რაიმე გავლენას ხომ არ იქონიებს, ქობულაძე პასუხობს:

"რას ნიშნავს რატომ გადავწყვიტე? ჩემი პროფესიაა და ხელშეკრულება დამიმთავრდა და სადაც შემომთავაზეს, იქ დავიწყე მუშაობა [...] მე მედიაში პირველად არ დავბრუნებულვარ, გუშინ არ დამიწყია მუშაობა და ყველა ადამიანს აქვს წარსული და აქვს მომავალი. არასდროს არ მიმუშავია ვიღაცის გავლენის ქვეშ. ყოველთვის ვმუშაობდი დამოუკიდებელ მედიასაშუალებაში".

აჭარის მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ თეონა ბაკურიძეს 6 მარტს ჯერ უფლებამოსილება შეუზღუდა, ერთ კვირის შემდეგ, შიდა მოკვლევის საფუძველზე სამსახურიდან გაათავისუფლა. კოხრეიძე ბაკურიძეს ედავება, რომ მან უხეშად დაარღვია მაუწყებლის შრომის შინა განაწესი და მასთან შრომით ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

ბოლო რამდენიმე თვეა, მას შემდეგ, რაც ტელევიზიის დირექტორი ქართული ოცნების მიერ დაკომპლექტებული ბორდის შერჩეული გიორგი კოხრეიძე გახდა, აჭარის ტელევიზიაში სიტუაცია იძაბება. თანამშრომლები დირექტორის გადაწყვეტილებებს აპროტესტებდნენ, რომლებიც სარედაქციო დამოუკიდებლობის შესუსტების მცდელობად მიაჩნიათ.

კერძოდ, კოხრეიძემ უფლებამოსილება შეუმცირა თავის მოადგილეს, ნათია ზოიძეს, რომელსაც ამ მიზეზით არხიდან წასვლა მოუწია. 19 თებერვალს კი გაუუქმა თანამდებობა საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეს, მაია მერკვილაძეს. 28 თებერვალს მან სამსახურიდან გაათავისუფლა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი.

4 მარტს აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა გიორგი აბაზაძე, რომელიც სოციალურ ქსელებში ჰომოფობიური და სექსისტური შინაარსის გზავნილებით გამოირჩეოდა. ჟურნალისტების განცხადებით, მისი შერჩევის პროცესი გაუმჭვირვალე იყო. მათი თქმით, დირექტორს, აღნიშნულ თანამდებობაზე, ლაშა ზარგინავას ან ირინა ყურუას კანდიდატურას სთავაზობდნენ, თუმცა ეს არ გაითვალისწინეს.

ამავე თემაზე: