სატოსი უემაცუს, რომელმაც 2016 წელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 19 ადამიანი ერთდროულად მოკლა, იაპონიაში სიკვდილით დასჯიან.

ეს იაპონელი დამნაშავე ქალაქ ტოკიოსთან ახლოს მდებარე შშმ პირებისთვის განკუთვნილ სპეციალურ დაწესებულებაში მუშაობდა. 2016 წლის 26 ივლისს კი, როცა ამ დაწესებულების მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირებს ეძინათ, თავს დაესხა.

ამ შემთხვევის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაიჭრა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიაში მასობრივი მკვლელობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.

30 წლის ბრალდებულის ადვოკატები სასამართლო პროცესზე აცხადებდნენ, რომ ის დანაშაულის ჩადენის დროს ფსიქიკური დარღვევით იტანჯებოდა და შეურაცხადი იყო. საბოლოოდ, სასამართლომ მას ჩამოხრჩობით სიკვდილი მიუსაჯა.

პროკურორის განცხადებით, სატოსი უემაცუ 2016 წლის 26 ივლისს გამთენიისას შეიჭრა შშმ პირებისთვის განკუთვნილ სპეციალურ დაწესებულებაში და 10 ქალი და 9 კაცი ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა. მსხვერპლებს შორის უმცროსი 19 წლის იყო, უფროსი კი 70-ის.

ამის შემდეგ ის თავად მივიდა უახლოესი პოლიციის შენობაში ნივთმტკიცებულებებთან ერთად და პოლიციას განუცხადა, რომ თუ შშმ პირები "გაქრებიან", საზოგადოება უკეთესი გახდებაო.

უემაცუ მანამდე იძულებით გადიოდა ფსიქიატრიულ მკურნალობას, რადგან მან იაპონიის პარლამენტის წევს მუქარის წერილი გაუგზავნა, რათა მთავრობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ევთანაზია დასაშვებად ეცნო. ის კლინიკიდან 12 დღის შემდეგ გამოწერეს, რადგან ექიმები მიიჩნევდნენ, რომ სხვას ზიანს არ მიაყენებდა.

დაპატიმრების შემდეგ ის სინანულს არ გამოხატავდა და ხშირად აღნიშნავდა, რომ შშმ პირებს "გული არ აქვთ", "მათ არსებობს აზრი არ აქვს" და ეს ყველაფერი "საზოგადოების საკეთილდღეოდ" გააკეთა.