ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავას ევროპული საქართველოს ინიციატივას გამოეხმაურა, რომ კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში რვა თვით საპენსიო შენატანები შეწყდეს. მინისტრის თქმით, მთავრობამ არ უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ეპიდემიის დასრულების შემდეგ ნორმალური ფუნქციონირებისკენ დაბრუნებას ხელს შეუშლის, მაგალითად საპენსიო რეფორმას ჩამოშლის.

"კორონავირუსი ადრე თუ გვიან დასრულდება, მაგრამ პენსია და პენსიონერების პრობლემები არის მუდმივი. ამიტომ ყველა უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ განცხადებებს", — განაცხადა თურნავამ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ უკვე მიიღო უპრეცედენტო ზომები და სხვადასხვა დარგის პრობლემებს კვლავ განიხილავენ:

"ამ ფონზე ვიხილავთ ძალიან ბევრ ინიციატივას, რომელიც წამოვა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისგან. პოლიტიკოსები, რაოდენ კეთილი მიზნებიც არ უნდა ამოძრავებდეთ მათ, აგებენ პასუხს მხოლოდ თავიანთ განცხადებაზე. ჩვენ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვართ, შესაბამისად თითოეული ჩვენი ნაბიჯი უნდა იყოს გათვლილი, რადგან არ ვიცით რა დროს წაიღებს ამ პრობლემის გადალახვა".

კორონავირუსის გამო საქართველოს მთავრობამ უკვე გასცა რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრების ჩაკეტვის ბრძანება. გარდა ამისა, 18 მარტიდან ორი კვირის განმავლობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში ვეღარ შემოვლენ. დაიხურა სამთო-სათხილამურო კურორტი, ხოლო კაფე-ბარებსა და რესტორნებს მუშაობის შეზღუდვისკენ მოუწოდეს.

ამის ფონზე ევროპულმა საქართველომ მოუწოდა ხელისუფლებას, რომ 8 თვით საპენსიო შენატანები შეაჩერონ. მათი თქმით, ეს მეტ ფულს დაუტოვებს მოქალაქეებს, დადებით გავლენას იქონიებს ეკონომიკური ზრდის ტემპზე და შეაჩერებს ფასების ზრდას.

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მთავრობა ოპოზიციური პარტიის ინიციატივას განიხილავს.

დღეს, 16 მარტს მთავრობის სხდომის შემდეგ საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები გავრცელდა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯერ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს და არ იქნება იქამდე, სანამ ეს გადაწყვეტილებები აღსრულდება, რისთვისაც მოქალაქეების მხრიდან პასუხისმგებლობაა საჭირო.

ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები:

ასევე, იუსტიციის მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, რომ გაითვალისწინონ რეკომენდაციები და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა არ მიმართონ სერვისცენტრებს. მისი თქმით, მოქალაქეების ნაწილი შეურაცხყოფას აყენებს იუსტიციის სახლის თანამშრომლებს, რომლებიც დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.

პანდემია და რეკომენდაციები

16 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან ერთი, პირველი პაციენტი, რომელიც ირანიდან შემოვიდა გამოჯანმრთელდა. კარანტინში რჩება 637 ადამიანი, სტაციონარში — 54.

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა, საქართველოს მთავრობა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და შეზღუდვები და რეკომენდაციები გაავრცელა. ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული ისევე, როგორც კაფე-ბარებსა და რესტორნებს. ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს და დარღვევის შემთხვევაში ისინი იძულებით კარანტინში გადაყავს. ასევე, შეიქმნება სპეციალური მექანიზმი, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულებას შეამოწმებს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: