დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა ისევ არ დგას. მისი თქმით, მთავრობა ცდილობს გაატაროს ყველა სახის პრევენციული ღონისძიება, თუმცა დამოკიდებულები არიან მოქალაქეების მაღალ პასუხისმგებლობაზე. მისივე თქმით, თუ ყველა ღონისძიება ხარისხობრივად კარგად შესრულდება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საჭირო არ იქნება.

დღეს, 16 მარტს მთავრობის სხდომის შემდეგ საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები გავრცელდა.

ასევე, იუსტიციის მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, რომ გაითვალისწინონ რეკომენდაციები და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა არ მიმართონ სერვისცენტრებს. მისი თქმით, მოქალაქეების ნაწილი შეურაცხყოფას აყენებს იუსტიციის სახლის თანამშრომლებს, რომლებიც დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.

პანდემია და რეკომენდაციები

16 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან ერთი, პირველი პაციენტი, რომელიც ირანიდან შემოვიდა გამოჯანმრთელდა. კარანტინში რჩება 637 ადამიანი, სტაციონარში — 54.

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა, საქართველოს მთავრობა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და შეზღუდვები და რეკომენდაციები გაავრცელა. ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული ისევე, როგორც კაფე-ბარებსა და რესტორნებს. ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს და დარღვევის შემთხვევაში ისინი იძულებით კარანტინში გადაყავს. ასევე, შეიქმნება სპეციალური მექანიზმი, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულებას შეამოწმებს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: