ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში ჰარი პოტერის ფილმების სერიის ვარსკვლავმა, დენიელ რედკლიფმა განაცხადა, რომ ამ ცნობილ ფრენჩაიზში მონაწილეობამ მას ალკოჰოლიზმის პრობლემები შეუქმნა.

ამ 30 წლის ბრიტანელმა მსახიობმა BBC Radio 4-ის გადაცემა Desert Island Discs-ში საუბრისას გულახდილად ისაუბრა თავის პირად გამოცდილებაზე:

"როცა გარეთ გასართობად გავდიოდი და ვსვამდი, ვხვდებოდი, რომ უბრალოდ იმ ჩვეულებრივ ტიპად არ აღმიქვამდნენ, რომელიც მთვრალია: "ოჰ, ნახეთ, ჰარი პოტერი ბარში სვამს".

მისი თქმით, ეს დიდ დაინტერესებას იწვევდა და "ხალხს ართობდა":

"ამ საყოველთაო ინტერესს რომ გავმკლავებოდი, კიდევ უფრო მეტს და მეტს ვსვამდი, რაც საბოლოოდ წლები გაგრძელდა".

დენიელ რედკლიფმა ჰარი პოტერის ფილმების სერიის დასრულების შემდგომ პერიოდზეც ისაუბრა:

"ფილმების გადაღების დასრულების შემდეგ კიდევ უფრო მეტს ვსვამდი, ერთგვარი პანიკა მქონდა, რადგან არ ვიცოდი, აწი რაღა უნდა გამეკეთებინა — ფხიზელ გონებაზე საკუთარი თავით კმაყოფილი აღარ ვიყავი".

მსახიობის განცხადებით, ოჯახი და მეგობრები მუდმივად ეხმარებოდნენ, რომ ამ მდგომარეობისთვის დაეღწია თავი და საბოლოოდ ეს მართლაც შესძლო — 2013 წლიდან უკვე ალკოჰოლზე დამოკიდებული აღარ არის.

დენიელ რედკლიფმა ჰარი პოტერის განსახიერების შემდეგ არაერთი როლი შეასრულა, მათ შორის ცოტა ხნის წინ გამოვიდა მისი ახალი ფილმი Guns Akimbo.