ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილი ეჭვქვეშ აყენებს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით გავრცელებულ განცხადებებს კორონავირუსთან დაკავშირებით. მისი თქმით, გაურკვეველია, ვინ დგას ამ გადაწყვეტილებების უკან, რადგან პირადად პატრიარქისგან არაფერი მოუსმენია. მისივე თქმით, ეკლესიის სახელით საუბრის უფლება მხოლოდ სინოდს აქვს, ისინი კი ამ საკითხზე სამსჯელოდ არ შეკრებილან.

"ძნელი გასააზრებელია რომელია პატრიარქის კურთხევა და რომელი არა, ან საიდან მოდის ეს კურთხევები. ჩემთვის სარწმუნო და საიმედო, უფრო ავტორიტეტული, ის სიტყვაა, როცა უშუალოდ პატრიარქის ბაგისგან მესმის ქადაგებისას, თუ საგანგებო შეკრებისას.

ჩვენ არაერთი განცხადება მოვისმინეთ, რომ ეკლესია ურჩევს ხალხს ამას, ეკლესია ურჩევს იმას. ვინ არის ეს ეკლესია? ვინ არის ის, ვინც ეკლესიის სახელით საუბრობს? ეს სიტყვა ჩვენ შეიძლება ვიხმაროთ მაშინ, როცა სინოდი იღებს გადაწყვეტილებას. სინოდს შეუძლია ეკლესიის სახელით ილაპარაკოს და კონკრეტულ პიროვნებებს, ამ შეთხვევაში უფლებამოსილი პირი ვინც არის, ეს არის კათალიკოს-პატრიარქი", — განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.

მანვე აღნიშნა, რომ კორონავირუსზე სამსჯელოდ აუციელებელია სინოდის სხდომის შეკრება.

საპატრიარქო და კორონავირუსი

რეკომენდაციების მიუხედავად, კორონავირუსის პრევენციისთვის ერთჯერადი კოვზით ზიარებაზე საპატრიარქომ უარი თქვა, თუმცა განაცხადა, რომ ზიარების შემდგომ სასმლის (სიტკბოების) მიღება მრევლს ერთჯერადი ან საკუთარი ჭიქით შეუძლია. გარდა ამისა, საპატრიარქოს გავრცელებული განცხადებით, მრევლს მისცეს რეკომენდაცია ყოველ დილას, უზმოზე ნაკურთხი წყალი დალიონ და სახლსა და სამსახურში აპკურონ. ასევე, პატრიარქის გადაწყვეტილებით ყოველ კვირა დღეს, 12 საათზე ყველა ტაძარში უნდა დაირეკოს ზარი და მრევლმა, ეკლესიაში და სხვაგანაც, ერთად ილოცოს.

პანდემია და რეკომენდაციები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევაა დადასტურებული. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა, საქართველოს მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები გაავრცელა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: