ქვეყნის ყველაზე დიდი ჰოსპიტალური ქსელი ევექსი ჰოსპიტლები აცხადებს, რომ იზიარებს კერძო სექტორის პასუხისმგებლობას შექმნილ ვითარებაში და სახელმწიფოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

ევექსი ჰოსპიტლები კორონავირუსის მასშტაბურად გავრცელების შემთხვევაში თბილისში, იმერეთსა და სამეგრელოში ოთხ სამედიცინო დაწესებულებას გამოყოფს, სადაც მხოლოდ დაინფიცირებულ და სავარაუდოდ დაინფიცირებულ პაციენტებს უმკურნალებენ.

პირველი ეტაპისთვის 2 ჰოსპიტალი უკვე სრულ მზადყოფნაშია და აღჭურვილია შესაბამისი ინფრასტრუქტურით: ხელოვნური სასუნთქი აპარატებით, სამკურნალო და საკარანტინე სივრცეებით. აღნიშნულ ჰოსპიტლებში გამოყოფილი იქნება 67 იზოლირებული პალატა, 28 საკარანტინე სივრცე, პირველი და მესამე დონის 36 ინტენსიური პალატა.

საჭიროების შემთხვევაში, ჰოსპიტლები შეძლებენ, პროექტის ინიცირებიდან 3 დღის ინტერვალში მიიღონ და შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაუწიონ დაინფიცირებულ და სავარაუდოდ დაინფიცირებულ პაციენტებს. ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობის მატების შემთხვევაში კი, კომპანია მზად არის, დამატებით კიდევ 2 ჰოსპიტალი გამოყოს, სადაც ინტენსიური პალატების ჩათვლით საწოლფონდების ჯამური რაოდენობა 120-ია.

ევექსი ჰოსპიტლების კლინიკური გუნდი აწარმოებს მასშტაბურ სამუშაოებს და სრულად იცავს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. ინტენსიური თერაპიისა და გადაუდებელი დახმარების განყოფილების ყველა ექიმს უკვე ჩაუტარდა ტრენინგი ვირუსთან ბრძოლის გაიდლაინების მიხედვით.

"ჩვენ ვგრძნობთ მაღალ პასუხისმგებლობას მოქალაქეებისა და ჩვენი პაციენტების წინაშე და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის დაძლევაში სახელმწიფოს მაქსიმალურად მხარს დავუჭერთ", — აცხადებენ ევექსი ჰოსპიტლებში.