20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანი მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა პატიმრობაში რჩება. ადვოკატმა ლევან იოსელიანმა პროცესზე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. იგი ითხოვდა ბრალდებულისთვის 1000-ლარიან გირაოს შეფარდებას, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას ბრალდებულ ბესიკ თამლიანის უკმაყოფილება მოჰყვა. წესრიგის დარღვევის გამო მოსამართლემ იგი სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება არ აკმაყოფილებს იმ გონივრული ეჭვის სტანდარტს, რის გამოც, შეიძლება, ადამიანი იყოს საპატიმროში:

"ჩვენ საკმაოდ კარგად დავუსაბუთეთ, რომ არ არსებობს მიმალვის საფრთხე და თუ არსებობს, შევთავაზეთ, გაეკეთებინათ მისთვის სამაჯური. ჩვენ ვუთხარით, რომ ამოწურულია ბრალდების მოწმეების დაკითხვა და შესაბამისად, აღარ არსებობს შესაძლებლობა, მოხდეს მათზე ზემოქმედება".

ბესიკ თამლიანი ერთ-ერთია იმ ბრალდებულთაგან, რომელსაც ოპოზიცია პოლიტპატიმრად აღიარებს და ხელისუფლებას მის გათავისუფლებად ულტიმატუმს უყენებს. საპარლამენტო ოპოზიცია აცხადებს, რომ თუკი პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, საარჩევნო რეფორმაზე არც საკონსტიტუციო განხილვებში მიიღებენ მონაწილეობას და არც საბოლოო კენჭისყრაში.

20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, პასუხისგებაში 20-მდე პირი მისცეს, მათ შორის პარლამენტის წევრი, ნიკა მელია, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში. ასევე, პოლიტიკოსი, ირაკლი ოქრუაშვილი.