საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აცხადებს, რომ მზადაა კორონავირუსთან ბრძოლაში სახელმწიფოს ფინანსურად 100 ათასი ლარით დაეხმაროს. ფედერაცია, ასევე აღნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში მათ ბალანსზე არსებულ სასტუმროში საკარანტინო ზონას მოაწყობენ.

"ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო, გრძნობს ერთობისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობას ამ კონკრეტული გამოწვევის ერთად დამარცხებაში", — აღნიშნულია ფედერაციის განცხადებაში.

სოციალურ ქსელში მომხმარებლებმა გამოხატეს ინიციატივა, რომ ფედერაციას მათთვის არ დაებრუნებინა გაუქმებული თამაშების ბილეთები და ამ თანხით იმ ადამიანებს დახმარებოდნენ, რომლებიც კორონავირუსის გავრცელებას ებრძვიან.

11 მარტს ცნობილი გახდა, რომ ორონავირუსის გამო საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მათი ეგიდით გამართულ ყველა ჩემპიონატებს პირველ აპრილამდე აჩერებს. გაჩერებულ ჩემპიონატებს შორისაა კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2, ლიგა 3, ასევე ასაკობრივი ჩემპიონატები.

პანდემია და რეკომენდაციები

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა, საქართველოს მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები გაავრცელა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევაა დადასტურებული: პირველი 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე — 29 თებერვალს, მეოთხე — 5 მარტს დილით, დანარჩენი 5 კი ამავე დღეს საღამოს, 7 მარტს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა, 9 მარტს კორონავირუსი 2 პაციენტს დაუდასტურდა, 10 მარტს კი კორონავირუსის კიდევ 8 შემთხვევა დადასტურდა, კიდევ 1 შემთხვევა კი — 11 მარტს, 25-ე შემთხვევა 12 მარტს დადასტურდა.

ასევე, 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: